საქართველოს ყველა სხვა კუთხისაგან განსხვავებით, მარქსისტულმა მოძღვრებამ ყველაზე ნოყიერი ნიადაგი გურიაში იპოვა.
"სავაჭრო გზა" (#15, 1908) წერდა: ,,…ხალხს მოსწყინდა ძილი, ხალხს მოსწყურდა გამოღვიძება, გამოფხიზლება და ახალ გზაზე დადგომა და იმას მოევლინა ჩვენი ქვეყნის მოძღვრად და ღმერთად მარქსი…
იპოვნა ჩვენს პაწაწინა გურიაში თბილი ჰაერი და გრძნობიერი ბუნება და გამეფდა… ცოტა ხანში მთელი გურია გაიძახოდა: ,,ღმერთი არ არის გარდა ღვთისა და მოციქული მისი გარდა მარქსისა.”
თუ რატომ მაინცდამაინც გურულებმა `დაასწრეს” ყველას, თავის დროზე ამის ყველაზე მარტივად ახსნა გაზეთმა ,,დროებამ” გურულის დახასიათებისას სცადა:
,,…ბევრი ხალხი არ უნდა მოიძებნებოდეს ქვეყანაზე იმდენად ბუნებით ცოცხალი, მოძრავი, ყველაფერი ახლის და უცხო რამეს ადვილად მიმღები და შემთვისებელი, როგორც გურულებია. ყველაფერს ახალს და უცხოს, როგორც კარგს, ისე ავს, გურულები ადვილად ითვისებენ.”
ანეგდოტიც კი არსებობს ამის თაობაზე: საქართველოში რევოლუციის მოხდენას გადაწყვეტენ. დაუვლიან ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს, მაგრამ ყველა სხვადასხვა მიზეზით _ ყანა მაქვს გასათოხნი, ღობეა შესაკეთებელი, ბოსტანია მოსავლელი და ა. შ. – უარით ისტუმრებს. როცა გურიაში ჩავლენ და გურულებს საქმის არსს მოახსენებენ, ისინი დაუფიქრებლად შეეკითხებიან: როის დევიწყოთ?"
ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა"