გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ისევ მიმდინარეობს, თუმცა, რა გამოიკვეთა გამოძიების შედეგად და აქვს თუ არა შსს-ს ახალი ინფორმაცია, უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
სოფელში მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით არც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კუმისში ლევან ბეგლარიშვილი საუბრობს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ სოფელში სიმშვიდეა. ბეგლარიშვილი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს და აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებისთვის პოლიციას უნდა მივმართოთ.
გამგებლის წარმომადგენლის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
"_არ ვიცი, რა გაინტერესებთ. არაფერი სიახლე არ არის კუმისში, სიწყნარეა სოფელში. მეტი არაფერი ვიცი.
_ბატონო ლევან, პოლიციელები სოფელში ისევ პატრულირებენ?
_კი, შემოივლიან ხოლმე, დადიან… ადრეც ხომ პატრულირებდნენ?!
_წინა საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ პოლიციასთან ერთად დადიხართ სოფელში და მოსახლეობის გამოკითხვას ესწრებით. რა გამოიკვეთა ამ გამოკითხვების შედეგად? რასთან გვაქვს საქმე?
_მე არაფერ გამოკითხვას არ ვაკეთებდი. მოსახლეობა ელაპარაკებოდა პოლიციას. კუმისში არის სიწყნარე და აღარაფერი არ არსებობს სოფელში.
_რამდენად უშვებთ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იყო?
_ქალბატონო, ამას გამოძიება დაადგენს ყველაფერს", _ გვითხრა ბეგლარიშვილმა.
ბეგლარიშვილის მსგავსად, ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობის ნაწილსაც. "გურია ნიუსი" რამდენიმე მაცხოვრებელს დაუკავშირდა, თუმცა, მათი პასუხები თითქმის იდენტურია:
"13-14 აგვისტოს მერე სოფელში სიწყნარეა. მოსახლეობაც დამშვიდდა. პატრულირებას პოლიცია სოფელში ისევ აგრძელებს", _ აცხადებენ ადგილობრივები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, კუმისში მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
"გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ დასმულ კითხვებზე ვერ უპასუხეს. აღნიშნეს, რომ ინფორმაციას ვერ გასცემენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ გამოძიების პროცესი გრძელდება.
ამავე თემაზე:
ამოუცნობი მოვლენა სოფელ კუმისში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
რა ინფორმაციას ფლობს კუმისის გამგებელი სოფელში მიმდინარე მოვლენებზე
ახალი დეტალები კუმისში განვითარებულ მოვლენაზე
რა ინფორმაციას ფლობს შსს კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით