მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერს აღარ წარმოადგენს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საჯარო რეესტრი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამ დრომდე მოქალაქეები მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმიტომ ვერ ირეგისტრირებდნენ, რომ მათ დოკუმენტებში სახელი გვარი შეცდომით ეწერა, ასოებში შეუსაბამობა იყო, დოკუმენტს არ ჰქონდა მითითებული ნომერი, თარიღი და მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს აკლდა სათანადო რაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილი იყო ფორმის დაუცველად, თუმცა აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამიერიდან ეს ყველაფერი ხარვეზად აღარ ჩაითვლება, თუ საბუთში სხვა აუცილებელი მონაცემებია წარმოდგენილი. მაგალითად, დოკუმენტის გაცემის წელი, მიწის ნაკვეთის ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით და ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ყველა ეს დოკუმენტი რეგისტრაციის პროცესში სრულყოფილად ითვლება.
მოქალაქის დოკუმენტები კანონიერი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მათ აკლიათ თარიღი, ნომერი, მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს არ აქვს სათანადო რაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილია ფორმის დაუცველად, მაგრამ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ნაკვეთის მფლობელობის დასადასტურებლად მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სასამართლოში წასვლა. ახალი კანონი მათ სრულყოფილ დოკუმენტად აღიარებს.
ამას გარდა, თუკი მოქალაქემ წლების წინ მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით, ნოტარიუსის ან საჯარო რეესტრისთვის მიმართვის გარეშე გააფორმა, რის გამოც რეგისტრაციას ვერ ახერხებდა, ამიერიდან საშუალება აქვს, პროექტის მიმდინარეობისას ნოტარიუსს ან საჯარო რეესტრს მიმართოს, გარიგება უფასოდ გააფორმოს და მიწის ნაკვეთიც მარტივად დაირეგისტრიროს.
როგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
"სახელმწიფო პროექტის" შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონი მომზადდა, რომლითაც:
• შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი
აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდებოდა მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი მხოლოდ სასამართლოს გზით იყო შესაძლებელი, რაც მოქალაქეებისთვის დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავდა. ამ პრობლემებს საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობა იწვევდა. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდებოდა, რაც ცდომილების მიზეზი ხდებოდა, აფერხებდა მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავდა მესაკუთრეთა უფლებებს.
გატარებული ცვლილებების შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი დამტკიცდა. ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი – ამზომველი.
ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრს ექნება უფლებამოსილება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის სისწორე, რაც კიდევ უფრო მეტად დაიცავს მესაკუთრის უფლებებს.
ამასთან, მიწის რეფორმის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასურს ამზომველებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უნაზღაურებს. პირობების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში; ზღვრული ოდენობები კი შემდეგია: ა) 1,5 ჰა – მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით; ბ) 1,5 ჰა-დან 5 ჰა – მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით;
• სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში ეხმარება
პროექტის დაწყებამდე მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებული იყო, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ის სრული დოკუმენტაცია წარედგინა, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებდა; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი ქონების რეგისტრაციაზე უარს ამბობდა. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებას წარმოადგენდა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდებოდა.
ახალი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდა. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი ეხმარება. გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაციაა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარაა მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.
გარდა ამისა, შესაძლებელია ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზება და ფაქტების კონსტატაციის გამოყენება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ თანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებითაა მხარდაჭერილი.
• სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება
ახალი კანონის ამოქმედებით სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიატორების, მათ შორის სანოტარო მედიაციის, მეშვეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში ეხმარება.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ სრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება კი საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება", _ აღნიშნულია საჯარო რეესატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
სექტემბრიდან მიწის რეგისტრაცია მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი ნახაზით მოხდება
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება
რა პროცედურების გავლა მოგიწევთ მიწის საკურებაში დასარეგისტრირებლად
1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება