ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისთავი მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე _ ჩოხატაურიდან 7კილომეტრის დაშორებით.
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი. მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.
ხიდისთავი იყო სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, ბასილეთი და მეწიეთი. თემის ადრინდელი სახელწოდება იყო ოცხანა.
აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე.
XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს.
1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა.
ხიდისთავი საზოგადოების ცენტრი იყო, აქ მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.
სოფელში დგას ობელისკი, რომელიც აღმართულია იმის ნიშნად, რომ 1905 წლის რევოლუციის დროს აქ სიტყვით გამოვიდა იოსებ სტალინი.
სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა პერიოდში მოქმედ კოლმეურნეობას, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.
ხიდისთავში დაიბადა პოეტი ანა კალანდაძე. ამ სოფელში გაიზარდა მწერალი ნოდარ დუმბაძე და სწორედ აქ შეიქმნა მისი ცნობილი ნაწარმოებები.