პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამები ჯერ არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, უცნობია, რას სთავაზობენ ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი პირები ახალგაზრდებს. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელებთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ "გურია ნიუსია" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივი გადაცემისთვის "არჩევანი" "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ მოამზადა.
ჩვენმა კორესპონდენტებმა ის ოზურგეთელი ახალგაზრდებიც ჩაწერეს, რომელებსაც არჩილ თალაკვაძესთან შეკითხვები ჰქონდათ. ეს კითხვები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სტუდიაში სტუმრობის დროს დავუსვით.
"შეიძლება ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" პროგრამა უკვე მზად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის საჯაროდ წარდგენილი, მე ვიცნობ პრიორიტეტებს და მის დებულებებს. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვაქვს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, სადაც ნათლად არის გაწერილი ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რომლის გახორციელებასაც ხელისუფლება შემდეგი წლების განმავლობაში გეგმავს. შესაბამისად, პრიორიტეტები, რომლებიც მე დავასახელე წარდგენის დროს, ეფუძნებოდა და გამომდინარეობდა ამ სამოქმედო გეგმიდან," _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას არჩილ თალაკვაძემ.
_ საქართველოს პრეზიდენტმა ივლიტას ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს პროგრამები ამ დრომდე არ წარმოუდგენია, რაც ამომრჩევლისთვის პრობლემაა და ამაში ახალგაზრდებიც ეთანხმებიან. თქვენ თქვით, რომ პროგრამას იცნობთ _ საინტერესოა, რა არის "ქართული ოცნების" პრიორიტეტები?
_ "ქართული ოცნების" პრიორიტეტები ეფუძნება სამ ძირითად დებულებას _ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და სოციალურ კეთილდღეობას.
ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით, რაც მიღწეული იქნა ამ ოთხი წლის განმავლობაში, უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. აქცენტები გაკეთდება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლების სფეროში გასახორციელებელ რეფორმებზე _ ჩვენ უნდა შევძლოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, შიდაწარმოების გაუმჯობესება და ექსპორტის გაზრდა. განათლების სისტემა კი უნდა გახდეს შრომის ბაზარზე და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული. რაც შეეხება სოციალურ კეთილდღეობას, ჩვენს მიერ გახორციელებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატება საპენსიო რეფორმა.
_ ფიქრობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ცვლილებებს არ საჭიროებს?
_ ცვლილებები აქამდეც შედიოდა ამ პროგრამაში და მომავალშიც შევა, მაგრამ მთავარი იდეა რომ ჯანდაცვა იყოს საყოველთაო და ეფუძნებოდეს სოლიდარობის პრინციპს უცვლელი დარჩება. გადასახადებს ვიხდით ყველა, ხოლო იყენებს ის ვისაც უფრო მეტად სჭირდება.
ამას ემატება დაგეგმილი საპენსიო რეფორმა. რაც შეეხება სოციალური დაცვის სისტემას, მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე რომ სოციალური რეფორმა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. თუმცა, ჩვენი ხედვები კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სოციალურ დახმარებასთან ერთად, ადამიანებს, რომლებიც დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან, შევთავაზოთ არა მხოლოდ სოციალური დახმარება, არამედ დასაქმების სერვისებიც და მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან. მხოლოდ სოციალური დახმარება ვერ გახდება ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველი _ ეკონომიკური ინიციატივები, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრს, და ასახულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში, დაეხმარება სოციალური დაცვის მექანიზმებს.
_ დასაქმებასთან დაკავშირებით ბევრი დაპირება ოთხი წლის წინათაც მოვისმინეთ. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მეოთხე, ანუ წლევანდელ წელს ყველა ჯიბეზე იგრძნობდა, წამოცდენა იყო.. თქვენი დაპირებები გათვლილი გაქვთ თუ მომავალშიც მასაც "წამოცდენას მივაწერთ"?
_ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც არჩევნებიდან არჩევნებამდე დათვალა ის ადამიანები, ვისი დასაქმებაც მოახერხა _ 56 000 დამატებით სამუშაო ადგილი კერძო სექტორში. როდესაც დასაქმების მაჩვენებელი აქვს ქვეყანას ისეთი როგორიც ჩვენ, რა თქმა უნდა, 56 000 სამუშაო ადგილის შექმნა ვერ გადაჭრის პრობლემას, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცით, ეს საქმე როგორ კეთდება.
ასევე, გურიაში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, ეკონომიკური ინიციატივების კიდევ უფრო სწრაფად გახორციელება და იმ შრომითი პოტენციალის მეტად რეალიზება, რომელიც აქვს გურიას.
_ ბატონო არჩილ, ძალიან ნაცნობი წინასაარჩევნო დაპირებებია. როგორც წესი, პოლიტიკოსებს ეს დაპირებები შემდგომ ავიწყდებათ. ჩვენ გამოვკითხეთ ოზურგეთელი ახალგაზრდები და მათ თქვენთან რამდენიმე შეკითხვა აქვთ. დავიწყოთ პირველი შეკითხვით _ რა პროექტების გახორციელებას გეგმავთ ოზურგეთში, რომელშიც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა?
_ მე მაქვს იმ ახალგაზრდების იმედი, ვისაც შევხვდი. მათ აქვთ ძალიან დიდი მოტივაცია, ძალიან კარგი იდეები და რაც მთავარია სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა პროგრესულ ცვლილებებში. მე მაქვს ახალგაზრდული ინიციატივების გახორციელების გამოცდილება _ თავის დროზე გახლდით ლიდერთა სკოლის ერთ-ერთი წევრი, მე და ჩემმა თაობამ მოვახერხეთ, გარკვეული წარმატებებისთვის მიგვეღწია. ჩვენ ვიცით, როგორ შეიძლება წარმატების მიღწევა, რა სჭირდება ახალგაზრდობას დღეს და ამიტომ ვგეგმავთ მუშაობას პროექტების ხელშეწყობისთვის. აქცენტებს გავაკეთებთ პირველ სამსახურზე. არის დასავლეთში წარმატებული პროექტები, რომელიც უშუალოდ პირველ სამსახურზე და დასაქმებაზეა ორიენტირებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ვგეგმავთ მეტი აქცენტები გავაკეთოთ გურიაში ინოვაციებსა და მათ გახორციელებაზე. მაგალითად, თბილისში გაიხსნა ტექნოპარკი _ საკმაოდ მძლავრი რესურსით, სტარტაპების შემუშავების შანსით დამწყები ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის და ვფიქრობ, გურიაში შეიძლება საკმაოდ წარმატებული პროექტების გახორციელება ამ მიმართულებით.
_ პრემიერ-მინისტრმა "ივლიტას ბიბლიოთეკაში" სტუმრობის დროს აღნიშნა, რომ ტექნოპარკის ფილიალის მოწყობა ბიბლიოთეკაში შეიძლება მოხდეს და რომ ამაზე იმუშავებს მთავრობა. კარგი იქნება თუ ამაში თქვენც ჩაერთვებით და არჩევის შემთხვევაში, უფრო აქტიურად იმუშავებთ, რომ გურიაში იყოს მნიშვნელოვანი ცენტრი ახალგაზრდებისთვის.
_ ეს ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომელიც ინიციატორებს, რეალურად მთელი პროცესის გახორციელებაზე ეხმარება. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოახდინონ გარკვეული ბიზნესიდეის ან სოციალური საწარმოს იდეის დამუშავება, მისი გატესტვა რეალურ რეჟიმში, მისი ბრენდირება, კომერციალიზაცია, გახორციელება და განვითარება _ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს "ტექნოპარკის" კონცეფცია და დარწმუნებული ვარ, გურიაში ბევრი წარმატებული პროექტის გახორციელება შეიძლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ თანამედროვე, ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენს მხარეში ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, ოჯახები ბევრ რესურსს ხარჯავდნენ შვილების განათლებაში. ჩვენ ვეცდებით, ეს მიმართულება გავავითაროთ. ასევე, ვიმუშავებთ, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ და გურიისა ოზურგეთის განვითარების პროცესში ჩაერთონ მას შემდეგ, რაც განათლებას და პირველ პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.
_ ერთ-ერთ ოზურგეთელ ახალგაზრდას აინტერესებს, "გზებს თუ ეშველება რაიმე"?
_ ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გახორციელდა. შემიძლია ჩამოგითვალოთ გზები, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ასევე, მიმდინარე პროექტები, რომელიც უახლოეს გონივრულ პერიოდში დასრულდება. ეს საქმე გაგრძელდება და ამ მიმართულებით ჩემი როლი ის იქნება, თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, როგორც პარლამენტარმა, თვალი მივადევნო, რამდენად ხარისხიანად და დროულად მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.
_ გზები ერთ-ერთი საპიარო თემაა წინასაარჩევნოდ… რას ფიქრობთ, ოზურგეთში, 9 აპრილის სკვერის გაჭრაზე, რომელიც საინტერესო და ერთ-ერთი გახმაურებული თემაა?
_ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია _ პროექტი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობისაა. როდესაც ჩავერთე კამპანიაში, იგი მეტწილად დასრულებული იყო. ამიტომ დავუჭირე მხარი პროექტის საჯარო განხილვას სკვერი სამომავალო განვითარებისთვის, რაზეც საკმაოდ საინტერესო არგუმენტები ჰქონდათ.
რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ქალაქის, სოფლების თუ საკურორტო ზონების განვითარების კონცეფცია და გეგმები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს შემუშავებული. თუნდაც, ავიღოთ გომისმთის პროექტი _ ადგილობრივ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს გომისმთის განვითარების საერთო კონცეფცია შეისყიდოს სერვისის სახით და შემდგომში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გახორციელდება, მოხდება ამ საერთო გეგმის ფარგლებში. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობას, ვიცი რამდენიმე პროექტი, რომელიც მათ ინიციატივების სახით დააყენეს და პირადად შევუწყობ ხელს რამდენიმე მათგანის გახორციელებას.
_ კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ… თქვენ პირადად მოგწონთ თუ არა 9 აპრილის გაჭრილი სკვერი?
_ მე მომწონს პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრშია. ვფიქრობ, რომ ამ პარკის განვითარებაში კიდევ უნდა ჩაიდოს რესურსები. ზოგადად, მწვანე გარემოს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს კონცეფციას ვეთანხმები. 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შსს-ში და ერთ-ერთი თანამონაწილე გახლავართ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტის. აი, ამ გადმოსახედიდან გეტყვით, რომ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის სავაჭრო ზონა, საკმაოდ მაღალი რისკებია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებლად მოსაწესრიგებელია, როგორც მოძრაობის ტრაექტორიები, ასევე პარკინგის, საფეხმავლო სივრცე. მე ურბანისტი არ გახლავართ და რომ დავინტერესდი, იყვნენ თუ არა არქიტექტორები და ურბანისტები ჩართული ამ პროექტში. გავარკვიე, რომ ისინი პროექტის შემუშავების დროს იყვნენ ჩართულები და საჯარო განხილვაშიც მონაწილეობა.
_ ახალგაზრდებს ისიც აინტერესებთ, იქნება თუ არა ოზურგეთში იმის შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.
_ კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში გურიაში გამოცოცხლდა. წინა წლებში, როდესაც მე ვცხოვრობდი ამ ქალაქში, მაშინ ეს დიდი პრობლემა იყო.
_ ეს პერიოდი მეც კარგად მახსოვს და ისიც, რომ ბევრი ღონისძიება იმართებოდა _ იგივე ინტელქტუალური თამაშები, კონკურსები, კონცერტები…
_ ეს იყო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები. თქვენ მეკითხებით, რას გააკეთებს ხელისუფლება ამ მიმართულებით _ ჩვენ ვეცდებით, ძალიან თანამედროვე პროგრამა შევთავაზოთ ახალგაზრდებს. ეს არ უნდა იყოს სპონტანური ინიციატივები, არამედ კარგად დაგეგმილი პროგრამა.
_ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაინტერესდა, აღდგება თუ არა კინოთეატრი, რომელიც ყველა მთავრობის "აქილევსის ქუსლი" იყო და 2005 წელს, მისი რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა ვიღაცამ ჯიბეშიც კი ჩაიდო… "გურია ნიუსს" ჰქონდა ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება და მაშინ დავადასტურეთ, რომ ახალგადახურულ კინოთეატრში წყალი ჩადიოდა..
_ ეს საკმაოდ მსხვილ ბიუჯეტიანი პროექტია. ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით, რომელსაც, ალბათ, წარმოადგენენ. ამ ეტაპზე, როგორც კანდიდატს, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ერთ რამეში ვეთანხმები ახალგაზრდებს, რომ კინოთეატრი, როგორც არა მხოლოდ ფილმების ჩვენების ადგილი, როგორც, ზოგადად, კულტურული თანამედროვე გასართობი ინიციატივების და ღონისძიებების ადგილი, ნამდვილად სჭირდება ისეთ დინამიურ ქალაქს, როგორიცაა ოზურგეთი.
_ ბატონო არჩილ, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
_ ჩემი მთავარი კონკურენტი არის, ალბათ, დრო და ვეცდები, რომ დრო, რომელიც ჩვენ გვექნება კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, მაქსიმალურად გამოვიყენო, დავდოთ შედეგი და უზრუნველვყოთ სწრაფი განვითარება, რომელიც დღეს რეალურად ჩვენი დაპირებაა.
_ თქვენმა პასუხმა მიხეილ სააკაშვილი გამახსენა. როდესაც ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა შანიძეს ჰკითხეს, რა იყო სააკაშვილის ნაკლი, მან თქვა რომ "დრო"… როგორც ჩანს, სააკაშვილის ნაკლი თქვენი მთავარი კონკურენტია..
_ დრო არის ყველას კონკურენტი.