საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სავარაუდოდ დღეს დაასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თუმცა როგორც "რესპუბლიკურ პარტიაში" განმარტავენ, კანდიდატების შესახებ პარტიაში არ უმსჯელიათ, შესაბამისად, თუ უსუფაშვილი კანდიდატებს წარადგენს, ეს მისი როგორც სპიკერის გადაწყვეტილება იქნება.
"ამ თემაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს, შესაბამისად მას თავისუფლად შეუძლია დაასახელოს კანდიდატები როგორც პარლამენტის სპიკერმა,"_ აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი და დეპუტატი თამარ ხიდაშელი.
კანდიდატის წარდგენის უფლება ყველა ფრაქცია აქვს. როდის დაასახელებს კანდიდატებს უმრავლესობა, ეს უცნობია. უმრავლესობის სავარაუდო კანდიდატად გიორგი კახიანი სახელდება, რასაც თავად დეპუტატი არ ადასტურებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოსთან მე ძალიან ახლო კავშირი მაქვს. შესაძლოა ამან განაპირობა ის ხმები, რაც ჩემზე გავრცელდა. ამ საკითხზე ჩემთან განხილვები არ ყოფილა, მე ჩემს კარიერას ვუკავშირებ უახლოეს პერიოდში პოლიტიკას,"_ აცხადებს კახიანი.
დეპუტატი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი "ქართულ ოცნებაში", შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
"კონსულტაციები მნიშვნელოვანია, უმრავლესობით უნდა აირჩეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ანუ რომელიმე ფრაქცია ან პარლამენტის თავმჯდომარე თავის ხმით ამას ვერ გადაწყვეტს შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის. ამ ეტაპისთვის ჩვენი ფრაქცია, ან უმრავლესობის შემადგენლობა რაც ვართ რამე კანდიდატურას არ განვიხილავთ,"_აცხადებს კობახიძე.
"თავისუფალ დემოკრატებს" კი მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ამ მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების არჩევა.
"ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას შორის მოხდეს რაიმე შეთანმხება, ასევე სკეპტიკურად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა,"_ აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და დეპუტატი ზურაბ აბაშიძე.
აღნიშნულ თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
პრეზიდენტის სავარაუდოდ კანდიდატებად კი ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე სახელდებიან.
ამავე თემაზე:
როდის ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს