დღეს, ქალაქ ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის გახსნამდე "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი ყოველწლიური იქნება და მომავალ წელს მონაწილეების რიცხვი გაიზრდება.
"გურიაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება არის უპრეცედენტო და შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად პირველად ტარდება. ფესტივალს გახსნის გურული ანსამბლები და ეს სიმბოლურად ხდება. მთელ მსოფლიოში გურია ცნობილია იმით, რომ არის განსაკუთრებული პოლიფონია და არსად ასეთი სიმღერა არ იმღერება, როგორც აქ გურიაში. ჩვენ გვინდა ეს სიმღერები მოვასმენინოთ სტუმრებს, რომლებიც ხვალ წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას", _ განაცხადა გიორგი დონაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ბეგლარ სიორიძის თქმით, ოზურგეთი არის ფოლკლორის ქალაქი და აქედან გამომდინარე, ის მსგავსი ფესტივალის დაარსებას მიესალმება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ თქვა, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლონ.
გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ შეხვედრისას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფესტივალის ჩატარების იდეა კულტურის მინისტრმა და ანზორ ერქომაიშვილმა ერთი წლის წინ გაახმოვანეს.
"ამას იმის გამო ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ქვეშ ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული ღონისძიებები და ამ ყველაფერს მოახლებულ არჩევნებს უკავშირებენ. ეს ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არაფერ შუაში არ არის არჩევნები", _ თქვა საუბრის დროს გია სალუქვაძემ.
"ეს იქნება ფოლკლორის ზეიმი, რომელიც სამი დღის განმავლობაში იქნება ოზურგეთში. ამ ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მინდა გითხრათ, რომ მიხარია ეს ყველაფერი ჩემს გურიაში ხდება" , _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ჯემალ ჭკუასელმა.
პრესკონფერენციის შემდეგ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი ოფიციალურად, კონცერტით გაიხსნა. თეატრის ფოიეში კი გამოფენილი იყო დასავლეთ საქართველოში შექმნილი კოოპერატივების ნაწარმის გამოფენა და მოეწყო კუთხე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები: : "შვიდკაცა", "ვახტანგური", "იადონი", "რეხეული", "ამაღლება", "გურია", "აცაურა", "მხედრები", ტრიო "ხელხვავი", მგალობელ-მომღერალთა გუნდი "შემოქმედი".
კონცერტი ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო თეატრში ჩატარდა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და "BlackSeaArena”-ს მხარდაჭერით გაიმართება.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია საგამომცემლო სახლი "გურია ნიუსი".