"1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო" _ აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად "პროექტი "ქართული ოცნების" ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდება და მასში გურიაში არსებული 32 გუნდი მონაწილეობს.
პირველი მატჩი ოზურგეთის "დარბაზსა" და გუნდ "ვაკიჯვარს" შორის წარიმართა. თამაშის მიმდინარეობა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო მაყურებელთათვის. გულშემატკივრების აზრით, მოწინააღმდეგეებს შორის ძალები თანაბრად გადანაწილდა.
საბოლოოდ, მატჩი ასევე თანაბარი შედეგით – 4:4, პენალტების სერია კი 11:12 "ვაკიჯვრის" სასარგებლოდ დასრულდა.
ამ მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული და "ოცნების თასის" მფლობელი გუნდი 7 სექტემბერს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე – "სამკუთხაზე" გამოვლინდება" _ აღნიშნულია გამოქვეყნებულ იფნორმაციაში, რომელსაც შესაბამისი ფოტო მასალა ახლავს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა სად მდებარეობს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზი".
მსგავსი დარბაზის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ინფორმაცია არა აქვს. ამ სახელწოდების დარბაზის ოზურგეთში არსებობას არც ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ადასტურებს.
გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით კი ცხადი ხდება, რომ საუბარია ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარე, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დარბაზის გამოყენება პარტიული ღონისძიებებისთვის, იურისტების შეფასებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რის გამოც, საოლქო საარჩევნო კომისიაში ხვალ საჩივარსაც შეიტანენ.