ბორჯომში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ნახანძრალ ტერიტორიაზე და ბორჯომის პლატოზე ტყის ფართომასშტაბიანი განაშენიანების პროცესი მიმდინარეობს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, გუშინ, ეს ტერიტორია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მოინახულა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ნახანძრალ ტერიტორიაზე არსებული სანერგე, ასევე ბორჯომის პლატო, სადაც სანიტარული ჭრების მიმდინარეობს.
როგორც გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომში რამდენიმე სახეობის მავნე მწერს ებრძვი, რომლებიც ასაკოვან ხეებს აზიანებენ.
„ბორჯომის პლატოზე არის გავრცელებული მწერი, მბეჭდავი ქერქიჭამია, რომელიც აზიანებს საკმაოდ ასაკოვან, 50 წელს მიღწეულ ხეებს. ამ მცენარეების გადასარჩენად ბრძოლისთვის სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, მათ შორის, ერთ-ერთი მეთოდია, ფერომონიანი მწერსაჭერებით ბრძოლა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ იქ, სადაც, ფერომონიანი მწერსაჭერებით ბრძოლას უკვე შედეგი არ აქვს, ინტენსიურად დავიწყეთ სანიტარული ჭრები,“_განაცხადა მინისტრმა.
ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობის გასაცნობად მისულ მინისტრს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ხაჩიძეც შეხვდა.
როგორც ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა ძალიან კომპლექსურია და ის მინისტრთან შესახვედრად, როგორც ბორჯომის მაცხოვრებელი ისე მივიდა.
„პრობლემა არის ძალიან კომპლექსური, გავიგე, რომ დღეს მინისტრი ჩამოდიოდა. არავინ არ ჩამითვალოს, რომ აქ, პიარკამპანიისთვის ამოვედი, არამედ როგორც ბორჯომის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, მინდოდა დამესვა კითხვები მინისტრისთვის და მიმეღო შესაბამისი პასუხები. რატომ ხდება ამ ხეების ჭრა ახლა, როცა არ არის ამის პერიოდი, მეორე, ის რომ უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და მესამე, ის კითხვა, რაც რამდენიმე ხნის წინ მოხდა ბორჯომში, წვიმისა და ნალექისგან უბედური შემთხვევა, რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები და რატომ გაწმინდა მოსახლეობამ გზა და შესაბამისმა სამსახურებმა რატომ არ უზრუნველყვეს მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები, იმიტომ, რომ ბორჯომი არის მიმზიდველი ტურისტებისთვის, ამოდიან დასასვენებლად ჩვენი თანამოქალაქეები, მეზობლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ევროპიდან და აქ უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. აქ მოვედი ამ კითხვების დასასმელად, რადგან მართლა მანერვიულებს გამარჯვების შემთხვევაში როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ზოგ კითხვაზე მივიღე მინისტრისგან პასუხი, ზოგზეც ვერა, “_განაცხადა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარული ჭრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს, გარდა ამისა, ტერიტორიაზე 5 000 ცალი მწერსაჭერია განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დახმარებით 2015 წელს პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა სანიტარული ჭრა 1320 კბმ მოცულობით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილდა, მიმდინარე წელს კი, სააგენტოს მიერ დაქირავებული კომპანია 3400 კბმ-ს დაამზადებს და სააგენტოს ჩააბარებს, ხოლო სააგენტო მიღებულ მერქნულ რესურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღია აუქციონის მეშვეობით განკარგავს.
გარდა ამისა, ბორჯომის დაბაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ხანძარმა ტყის 1 000 ჰექტრამდე გაანადგურა, საიდანაც 2 000 ჰექტრამდე ყველაზე მეტად დაზიანდა, სადაც ამ ეტაპზე შერეული ტყის გაშენება მიმდინარეობს, იგივე ეკოსისტემის მისაღებად.