საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა; აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.
სამინისტროს ინფორმაციით, შარშან ამავე პერიოდში იდენტური მოთხოვნით მხოლოდ 7 526 მოქალაქემ მიმართა.
უწყების ინფორმაციით, განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით შემდეგი მუნიციპალიტეტები გამოირჩევა: გარდაბანი, მცხეთა, თბილისი, მარნეული, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ლანჩხუთი. ერთი თვის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1400 განცხადება შემოდიოდა, ხოლო რეკორდულად დიდი ოდენობის განცხადება 31 აგვისტოს შემოვიდა (4994). მოქალაქეთა ასეთმა მოზღვავებამ საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომლის განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა. მით უმეტეს, რომ თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის.
მიწის რეგისტრაციის 1 თვის შედეგები დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაჯამა.
"მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
უწყების ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში საჯარო რეესტრმა ჯამში სხვა უწყებებში 67 973 წერილი გაგზავნა მოქალაქის ინტერესში საბუთების გამოთხოვის შუამდგომლობით. თავიანთი სწრაფი და მრავალრიცხოვანი გამოხმაურებებით უწყებებიდან ყველაზე აქტიურნი საქართველოს ეროვნული არქივი (9 412 პასუხი), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2 923 პასუხი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (813 პასუხი), ხოლო მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი (311 პასუხი) არიან, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
"ეს რეფორმა რომ არ ყოფილიყო და საჯარო რეესტრში 1 თვეში იგივე ოდენობის განცხადება შემოსულიყო, მხოლოდ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოქალაქეებს 23 344 ცნობა თავისით უნდა გამოეთხოვათ და ამაში ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაეხადათ, მთავრობამ და პარლამენტმა კი ეს და სხვა ფინანსური ტვირთი მოქალაქეს მთლიანად მოუხსნა", − განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 4 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა ხანგრძლივი სამეზობლო დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 25 მედიაცია მიმდინარე კვირასაა სხვადასხვა ნოტარიუსთან დანიშნული. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.
როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 42-მა მოქალაქემ ისარგებლა.
ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.
აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის უკვე 5 ამზომველზე გასცა სერტიფიკატი, სერტიფიცირებული ამზომველის მომსახურება კი მოქალაქისათვის გაცილებით უფრო საიმედოა.
"ერთადერთი სფერო, სადაც ახლა ტემპის აჩქარებაა საჭირო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიები გახლავთ, რომლებსაც ჯერჯერობით საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი არცერთი საქმის განხილვა არ დაუსრულებიათ. მიუხედავად ამისა, მათგან დიდია ინტერესი მეთოდთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათთვის ეს პროცედურაც არის, კანონის თანახმად, უფასო", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
უწყების ინფორმაციით, რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405 405) შეუძლიათ. პირველი აგვისტოს შემდეგ ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 6467 პირს მიეწოდა. „Facebook"-ის პირადი შეტყობინების სერვისით − 800-ზე მეტმა მოქალაქემ, ელექტრონული ფოსტის (info@napr.gov.ge) მომსახურებით კი 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა (https://napr.gov.ge/chart) განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებები საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებით დასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები).
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge