“ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური იმისა, რაც არის დღეს. ერთადერთი, რაც განიხილება, არის ბოლო ორი კლასის გაძლიერება და მომზადება უმაღლესისთვის. ანუ, ფაქტობრივად, მე–10 კლასის ჩათვლით ჩვეულებრივი სკოლაა, რომელიც ამზადებს ცხოვრებისთვის. მე-11 და მე-12 კლასში კი, თუ ჟურნალისტობას აპირებ, კონცენტრირდები მოსამზადებლად, ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ, ქიმიაზე. საუბარია სპეციალიზირებულ კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე და საუბარი მის გაუქმებაზე არ არის”, _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, მეცხრე კლასამდე 2 საფეხური (დაწყებითი და საბაზო) სავალდებულოა, მესამე კი არა. შესაბამისად “მე–9 კლასიდან ჩვენს სისტემას აქვს ისიც, რომ მოსწავლემ მისთვის სასურველი გზა აირჩიოს.”
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაძლიერებული სკოლები აქამდეც იყო, თუმცა, მინისტრის ინიციატივით, ასეთი სკოლების რაოდენობის ზრდაზეა საუბარი. ჯეჯელავას განცხადებით, მიმდინარე წელს ასეთი 50–მდე სკოლა იქნება, რომელიც თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს.
“დღეს 50–მდე სკოლაა, ვინც ისედაც სპეციფიკურ პროგრამებზე მუშაობენ და სწავლაც კონცენტრირებულია. ბუნებრივია, ეს არ მოიცავს მხოლოდ თბილისს და იქნება რეგიონებშიც. ცალკეული სკოლების გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სტატუსი, ჩვენი მიზანია და გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ იმ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავიანთ ბავშვებს ასეთ სწავლას მოუწყობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში რეპეტიტორების საჭიროება მოიხსნება. მინიმუმ, ამ ბავშვებისთვის მოიხსნება და შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან", _ განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მოსწავლეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან სხვა მიმართულებისკენ გადაიხრება, მიეცემა მობილობის შესაძლებლობა, რომ მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს.