”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ადგილობრივ მედეასთან გამართულ შეხვედრაზე.
ექს-პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტი, ”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბრის კონტექსტშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის კრიტიკის გარეშე დატოვება, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით „თავისი თავი გაინულა“, არ შეიძლებოდა.
”რესპუბლიკელებს” არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას, რაც ჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს, მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და "გააპრავა" იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენებიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით, უკან მოუტრიალდათ”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.