ქალაქ ოზურგეთში გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა, უკვე 30 წელია ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მუდმივად ექმნებოდა. ჯორჯიაშვილის ქუჩა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში ჩაისვა და ინტენსიური სამუშაოებიც დაიწყო.
დღეს გზის რეაბილიტაციის პროცესი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ჯორჯიაშვილის ქუჩის მოსახლეობას არწმუნებდნენ, თითქოს 2016 წელს აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი არ დაიგებოდა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. წელს კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად ასფალტი უკვე ქალაქის სხვა უბნებშიც იგება და მომავალ წელს, ქალაქ ოზურგეთში რეაბილიტაციის გარეშე არცერთი ქუჩა არ დაგვრჩება. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა კმაყოფილია , ჩვენი თანაქალაქელები კარგად ხედავენ, თუ რა ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს", _განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ლეილა დარჩია, ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრები:
"წლების მანძილზე საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, გზებზე მანქანების მოძრაობა ჭირდა და ძნელი იყო ფეხით გადაადგილებაც. გახარებულები ვართ, რომ ქალაქის მერიამ სამუშაოები დაიწყო."
ჯორჯიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს შპს "გზამშენი 18" აწარმოებს. გზის დაგების პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
(R)