შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ "მილენიუმის" კონფერენციაზე სტუმრებს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს პროექტ "მილენიუმის" შეკრებას. ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ პროექტში. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებებით შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან, საიდანაც 15 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ჩეხეთთან, საბერძნეთთან, დანიის და ბელგიის სამეფოებთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას. ჩვენი მეკავშირე ოფიცრები წარვგზავნეთ ევროპის 13 ქვეყანაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო", _ განაცხადა მღებრიშვილმა.