8 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება 11 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან ოთხი ქალბატონია.
ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.
"ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, შესაბამისად განკარგულება მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ჭაღალიძის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ბათილადაა ცნობილი", _ გვითხრა ბისიეშვილმა.
აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში "შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" სახელით დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ტარიელ კალანდარიშვილია საარჩევნო მარათონში ჩაბმული. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" გურანდა მანაგაძე წარმოადგენს. ლაშა ჯიბლაძე მაჟორიტარობის კანდიდატად "კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე-მემარცხენე ალიანსმა" დაასახელა. ასევე თამილა ჟღენტის სახით საკუთარი კანდიდატურა ჰყავს "პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობას". "საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის" სახელით მესამოცე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში ჯემალ ანთიძე მონაწილეობს.
მოძრაობამ "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" #60 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრაციაში გაატარა გურამ ჩალაგაშვილი. მართველი პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის" სახეს კი, ნინო წილოსანი წარმოადგენს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს ნინო კვიტაიშვილი იყრის.
საინიციატივო ჯგუფის სახელით აღნიშნულ ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული- აკაკი ჩხაიძე და დავით ჟღენტი.