დღეს, 20:30 საათზე, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” მთავრობის კანცელარიასთან დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე სიმბოლურ აქციას გამართავს, _ ამის შესახებ განცხადებას “თეთრი ხმაურის მოძრაობა”ავრცელებს. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიების დაწყება სამოქალაქო პროტესტისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის დამსახურებაა. ამის შესახებ მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“თვეზე მეტი დროის განმავლობაში შსს განცხადებას არ აკეთებდა, ვიდრე მედიაში არ გამოჩნდა სტატიები და სიუჟეტები იმასთან დაკავშირებით, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა, რომ მის ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა და რომ ის გამოძიებას არ ემალება. მანამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლებიც გარდაცვლილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კრიმინალურ წარსულზე საუბრით დაზარალებულთა დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ ამზადებდნენ მტკიცებულებებს, რომლითაც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობა დამტკიცდებოდა და რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს ფინანსური ინტერესის გამო შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება. ტელეეთერით გავიდა სიუჟეტები, სადაც გოდერძი თევზაძის მამა მისი შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და თვითმკვლელობით იმუქრება. მედიაში სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა ეს ტენდენცია, რაც საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული პირი თავს დაესხა გარდაცვლილის ოჯახს და სასტიკად გაუსწორდა გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას და უმცროს ძმას". _ აღნიშნულია განცხადებაში.