შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი ესტუმრა.
სტუმარმა „112“-ში გახორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ვიზიტის მიზანი იყო, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, „112“-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
„112“-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრობლემური სეგმენტები. ერთ-ერთ მათგანს არარეზიდენტები წარმოადგენს. კერძოდ, ტურისტების 76%-მა არ იცის, თუ გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „112“-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა. პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის აქტივობა, რაც ტურისტების ინფორმირებულობის დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
შვედეთის საელჩოს გარდა, „112“-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან. სამუშაო შეხვედრები სექტემბრის თვეში გაიმართება.