ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულები მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას და მტკიცებულებების განადგურებას შეეცდებიან. პროკურორი ასევე კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზეც ამახვილებდა ყურადღებას.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეეფარდათ, რომ არსებობს დასაბუთებელი ვარაუდი, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და ასევე, მიმალვის საფრთხები.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.
ქრთამის აღების გარდა, კრიმინალური პოლიციის უფროსს გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.