საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებას და მზაობას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.