„ეკლესიასთან ახლოს ვიყავი, მეგობრებს ჩამოვრჩი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა 3 შეიარაღებული პირი, რომლებიც ავტომანქანით მოძრაობდნენ. არ ვიცი, გადავკვეთე თუ არა, ე.წ. საზღვარი. აღნიშნული პირები ჩემთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ საზღვარი დავარღვიე, რის გამოც დამაკავეს. გადამიყვანეს ჯერ ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის მილიცის იზოლატორში. ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დამისვეს რამდენიმე კითხვა. დღეს კი ცხინვალში სასამართლო ჩატარდა და ამ სასამართლოს შემდეგ ჯარიმის გადახდის საფუძველზე გამათავისუფლეს“, _ დაკავების დეტალებს იხსენებს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ცერცვაძე აცხადებს, რომ 2 დღის განმავლობაში ჯონი გოგიჩაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უკანონო პატიმრობიდან არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად და აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო _ 17 წლის ახალგაზრდა თავისუფალია.