მოქალაქე დიანა ქართლელიშვილის ოჯახი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მთავარ პროკურატურაში უჩივის.
საქმე იმაშია, რომ ქართლელიშვილის ოჯახმა 2014 წლის 22 სექტემბერს გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია "ჰელიოს +"-ში 11-ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა, თუმცა ყურძნის საფასურიდან მხოლოდ 13 ათასი ლარი აქვთ აღებული, დანარჩენ თანხას, 27 112 ლარს, უკვე ორი წელია ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართლელიშვილების ოჯახის სასარგებლოდ სასამართლომ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა, მათ კუთვნილი თანხა მიღებული არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ღვინის ქარხანას ქართლელიშვილების ოჯახისთვის 38 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გასაჩივრდა და პროცესები ისევ გაგრძელდა. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში კი, ამავე რაიონის სასამართლომ მეორე გადაწყვეტილება (იხ. ქვემოთ, ავტ.) მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქართლელიშვილების ოჯახის სასარგებლოდ ღვინის ქარხანა „ჰელიოს +“-სს 27 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.
ამ საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" რამდენიმე სტატია უკვე გამოაქვეყნა, მათ შორის, ღვინის ქარხანას, პროკურატურასა და სასამართლოს შორის "დაკარგული" 27 ათასი ლარი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მოატყუეს ქართლელიშვილის ოჯახი კომპანიის წარმომადგენლებმა და შუამავალმა.
მოგვიანებით, 2016 წლის ივნისის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს ოთარ დანელიას მთავრობის სხდომაზე კახელი მეღვინეებისთვის ყურძნის საფასურის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა და მოითხოვა, რომ დროულად დასრულებულიყო კახეთში დაზარალებული მოსახლეობის საქმეების გამოძიება, რომლებსაც წინა წლებში ჩაბარებული ყურძნის თანხა ჯერ კიდევ არ აქვთ აღებული.
მიუხედავად პრემიერის ამ მოწოდებისა, დაზარალებული ქართლელიშვილების ოჯახი კუთვნილი თანხის მიღებას ვერ ახერხებს. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას დიანა ქართლელიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებები მის სასარგებლოდ გამოდის, თუმცა, მეორე მხარის მუდმივი გასაჩივრებით პროცესი იწელება და კუთვნილი თანხას ვერ იღებს. ამ პროცესში კი, ქართლელიშვილები მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „თუ მათგან ხელშეწყობა არ ექნება ქარხნის დირექტორ როზმან რუსიას, ის ამდენს ვერ გაბედავს“.
კერძოდ, დიანა ქართლელიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრალეულობის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გიორგი სამანიშვილისგან მიღებული დაპირება, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარებოდა, დღემდე დაპირებად რჩება. რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში მითხრეს, რომ მთავარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთო. პირადად შევხვდი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა განცხადება გააკეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ღვინის ქარხნებისგან დაზარალებული მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაავალა. სამანიშვილმა თავის იურისტთან ერთად დაწვრილებით გამომკითხა არსებული ვითარება და დამპირდა, რომ როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, თანხის მიღებაში დამეხმარებოდა. თუმცა, დღემდე ეს თანხა აღებული არ მაქვს“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი და დასძენს, რომ სამანიშვილის მფარველობის გარეშე „ქარხნის დირექტორ როზმან რუსიას, ის ამდენს ვერ გაბედავს“.
„თვითონ როზმან რუსიამ მითხრა, როცა ტელეფონზე კონფლიქტი მოგვივიდა, მე სამინისტროში კაცი მყავს და როგორც არ უნდა იჩივლო პოლიციაში, თანხას არ გადაგიხდი და არც პასუხისგებაში მიმცემენო. მაკლერიც და ქარხნის დირექტორიც მეუბნებოდნენ, რომ პასუხისმგებელი ამ თანხაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო. 2014 წელსვე ჩავაყენე სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში, თუმცა, სამანიშვილმა მაშინვე მითხრა შეხვედრაზე, რომ თუ შენ სამართლებრივი გზით წახვალ პროცესები ძალიან გაგეწელება, ეცადე კუთვნილი თანხა მოლაპარაკებების გზით მიიღოო. პირველი ეჭვიც მაშინ გამიჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ქარხნების მეპატრონეებსა და იმ მაკლერებს ხელს აფარებდნენ, რომლებიც ყურძნის ქვითრების გაყალბების გამო 2014 წელს ხაშმში, ლაგოდეხში, გურჯაანში და ყვარელში დააკავეს, თუმცა, არცერთის პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე არ მისულა და თვითონ სოფლის მეურნეობის სააგენტო აგვარებდა მათი გათავისუფლების საკითხებს“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი.
ქართლელიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, 2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში, გიორგი სამანიშვილი თვითონ დაუკავშირდა მას და საქმის პირადად გაცნობის სურვილი გამოთქვა.
მისვე თქმით, ამის შემდეგ გიორგი სამანიშვილს პირადადაც შეხვდა.
„შეხვედრისას მას დაწვრილებით ავუხსენი რა პრობლემაც მქონდა და რატომ ვერ ვახერხებდი კუთვნილი თანხის მიღებას. თუმცა, საუბრისას სამანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ქარხნის დირექტორს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ქარხანა აღარ მუშაობდა და თავად რუსიაც საქართველოში არ იყო. მაჯერებდა, რომ თანხის აღება ვერ მოხერხდებოდა. ამ შეხვედრაზევე ვუთხარი, თუ ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, მაშინ თქვენ და სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა დაგიპირისპირდეთ–მეთქი. ჩვენ რა შუაში ვართო, – გაიკვირვა. ვუთხარი, რომ თქვენი მეშვეობით მოხდა ყურძნის ჩასაბარებელი ქვითრების გაყალბება და ქარხანასა და მევენახეებს შორის შუამავლებსაც თქვენ მფარველობდით–თქო. მეორე დღეს დამირეკა ზუსტად მითხარი რამდენია შენი ასაღები თანხა, ახლა ვაჯამებთ ამ ყველაფერსო. მინდა აღვნიშნო, რომ არც გიორგი სამანიშვილისთვის და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არ მითხოვია, რომ თანხა მათ გადაეხადათ. ვითხოვდი ქარხანას დაეფარა დავალიანება. თუმცა, სამანიშვილი რატომ ანგარიშობდა ჩემთვის გადასახდელ თანხას, ვერ გავიგე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი, სამანიშვილს აღარ შევხვედრივარ“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერადაც გასაჩივრდა და პროცესის დასრულებას ელოდება, თუმცა, ეჭვობს, რომ თუ თანამდებობის პირები ჩაერევიან და პროცესზე გავლენას მოახდენენ, კუთვნილი თანხის მიღება გაუჭირდება.
ქართლელიშვილი ასევე ამბობს, რომ სამანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში აქვს შეტანილი, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც.
ქართლელიშვილთან საუბრის შემდეგ, „გურია ნიუსი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.
მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, შევთანხმებულიყავით შეხვედრაზე, სამანიშვილმა განგვიცხადა, რომ რთველის დასრულებამდე კახეთში უნდა იყოს და, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე თბილისში ვერ ჩამოვა.
„გურია ნიუსი“ კიდევ ეცდება, გიორგი სამანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერას და მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება
(შინაარსის სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე)
ამავე თემაზე:
მინისტრისთვის „სამწუხარო“, პრემიერისთვის „ამაზრზენი“ ფაქტი – რის გამოძიებას ითხოვს კვირიკაშვილი
„2014 წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ამ დრომდე არ მაძლევენ“
ღვინის ქარხანას, პროკურატურასა და სასამართლოს შორის „დაკარგული“ 27 ათასი ლარი