გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი სტუმრად, მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა. რითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით _ 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.
ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.
დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ _ ერთი და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა _ 90:84.
მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით _ გიორგი ცინცაძე.