პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ველან გოგიჩაიშვილის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს:
"გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა.
ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები.
ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა – ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს იარაღი გამოხატული ფორმით ჰქონდათ.
„მათ ეცვათ მაისურები და ჩანდა იარაღი, პირდაპირ ქამარში ჰქონდათ გარჭობილი, ანუ აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ ამ იარაღის დემონსტრირება უნდოდათ ხაზგასმით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს.
„ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ ავღკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“,-დასძინა მან.