ადამიანის უფლებათა ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგონას გაუპატიურების საქმეზე დამნაშავე პირისათვის ბრალის დაუყოვნებლივ წაყენებას ითხოვს, _ ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონის პროკურატურის არაეფექტური რეაგირების გამო დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას.
ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დასკვნის შინაარსი გააცნო.
მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ, ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე. მიუხედავად ამისა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი რეაგირების მიზნით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ითხოვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ, დაუყოვნებლივ იქნას წაყენებული ბრალი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ორსული გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, ხვალ, 20 სექტემბერს, 11:30 საათზე, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.