საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას, და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს.
წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს იუსტიციის მინისტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შესთავაზა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ უპრეცედენტო საარჩევნო რგოლში, რომელსაც ერთი სათქმელი ექნება − „ძალა ვნებს არჩევნებს".
აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები საქართველოში არასდროს გაერთიანებულან ერთიანი მოწოდებით არჩევნებზე ძალადობის წინააღმდეგ.
იუსტიციის მინისტრის წინადადებას 11 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა.
საინფორმაციო კამპანიის წარმოების, ისევე, როგორც კლიპის დამზადებისა და განთავსების, ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს. (R)