დღეს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა _ იოაკიმე და ანნა. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველისმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.
ერთ დღეს ანგელოზი გამოეცხადა ანნას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისთვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. როდესაც მარიამი სამი წლის გახდა მშობლებმა აღთქმისამებრ იგი ტაძარში მიიყვანეს. ცხოვრობდა ტაძარში ქალწული, სანამ თორმეტი წლის არ გახდებოდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარებდნენ.
შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა:
,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!"