"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს არ გასცენ პირადი მონაცემები.
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, მათი ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირად მონაცემებს სთხოვენ და არ აძლევენ განმარტებას თუ რისთვის სჭირდებათ ეს მონაცემები. ანა ნაცვლიშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები. ნაცვლიშვილის განმარტებით პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.
„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს", _ აღნიშნა ნაცვლიშვილმა.