თსუ-ს რექტორსა და აუდიტორია 115-ის წევრებს შორის შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. გიორგი შარვაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს.
„ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი განვიხილეთ, ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც ძალიან სწრაფად. ჩვენ, რეალურად ვაპირებთ ღიად ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი უნივერსიტეტი. ეს არის ჩვენი ყველას უნივერსიტეტი. ის, რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის, ეს არის ფაქტი. ამ ფაქტებზეც გვქონდა საუბარი, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან და მე მჯერა, რომ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი გახდეს მართლაც კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი“, _ განაცხადა რექტორმა.
აუდიტორია 115-ის წევრები რექტორთან უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ ის, რაც მათ რექტორმა შესთავაზა, არის ჩამოუყალიბებელ სამუშაო გეგმაში მონაწილეობა, რომელსაც ყველა რექტორი სთავაზობდა მათ.
„კონკრეტული პასუხები ჩვენ რექტორისგან არ მიგვიღია. ერთადერთი, რაც ჩვენ რექტორმა შემოგვთავაზა, ეს არის გაურკვეველ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, რომელსაც ყველა რექტორი მოდიოდა და გვპირდებოდა. ჩვენ ძალიან კონკრეტული მოთხოვნა წავუყენეთ დღეს მას. ეს არის ის, რომ სოციალურად გაჭირვებულ სტუდენტებს, რომლებიც ვერ იხდიან გადასახადს, გაეხსნათ ბაზები, ისე, როგორც ეს ხდებოდა ადრე. მათ შეეძლებათ, გადაიხადონ ამ სემესტრის რაღაც ნაწილი, სიმბოლური თანხა და შეეძლებათ აკადემიური რეგისტრაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკადემიური საბჭო“, _ ამბობენ აუდიტორია 115-ს წევრები.
ამავე თემებზე: აუდიტორია 115 დღეს აქციას გამართავს
„აუდიტორია 115“-ის წევრების თსუ-ს შენობაში შესვლას დაპირისპირება მოჰყვა
"ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევა მგონია" _ განათლების მინისტრი