"საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, "დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული".
ამავე კანონის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ "უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები".
მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში სააგიტაციო მასალებს ინტენსიურად აზიანებენ, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს არცერთი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია. სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ლომთათიძე განმარტავს, რომ "დაზიანებულ სარეკლამო პლაკატებს ვერც თვითონ ხედავს და ვერც მისი თანამშრომლები".
_ ვერ ვხედავ და რა გავაკეთო! არსად არ დამინახავს დაზიანებული სარეკლამო მასალა, _ ამბობს ლომთათიძე.
არადა, "პლაკატების ომმა" ჩოხატაურში ბევრი კანდიდადატი დააზარალა _ მათ შორის მმართველი პარტიის რჩეული.
დახეული, ერთმანეთზე გადაკრული სააგიტაციო მასალები გამგეობის მიმდებარედ ტერიტორიაზეც ბევრია, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით ამ ყველაფრის კონტროლი ევალება, მისი თქმით ვერ ხედავს.
ლომთათიძემ მხოლოდ ის იცის, რომ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოქლში ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის დავით ჟღენტის სარეკლამო მასალები კომპანია "სოკარის" კუთვნილ მილებზე უნებართვოდაა გაკრული:
_ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჟღენტს ამის ნებართვა არა აქვს, თუმცა ეგ არ არის ჩვენი საქმე და არ მაინტერესებს, _ აღნიშნა ლომთათიძემ.
აღნიშნული ინფორმაცია "სოკარში" "გურია ნიუსსაც" დაუდასტურეს. ჩვენ შევეცადეთ დეტალები დავით ჟღენტთანაც გადაგვემოწმებინა, თუმცა, მასაც და მისი შტაბის წევრებსაც ტელეფონები გამორთული აქვთ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში განმარტავენ, რომ კერძო პირის საკუთრებაზე სააგიტაციო მასალები უნებართვოდ გაკვრასთან დაკავშირებით რეაგირება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს. საჩივრის შეტანა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.