დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი. ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით, რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი მიღწევაა საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით,– აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება.