კოლუმბიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების უმეტესობამ, 50.24 პროცენტმა, ხელისუფლებასა და მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება FARC-ს შორის მშვიდობიანი ზავის დადებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეთანხმებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა და FARC-ის ლიდერმა, ტიმოლეონ ხიმენესმა 4 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გასულ კვირას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ძალაში შესასვლელად კოლუმბიის მოსახლეობას მისი რატიფიცირება უნდა მოეხდინა.
შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო აჯანყებულთა ნაწილს კი ამნისტია შეეხოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 52 წლიანი კონფლიქტის შემდეგ ამბოხებულებმა გადაწყვიტეს იარაღი დაყარონ და პოლიტიკურ პროცესს შეუერთდნენ.
როგორც ცნობილია, ამბოხებულები 6 თვეში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ სხვა გეგმა ომის დასასრულებლად, რომელმაც 260 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, არ არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიის პრეზიდენტი ახლა ყველაზე რთული ისტორიული მომენტის წინაშე დგას, რადგან 297 გვერდიანი სამშვიდობო გარიგება კოლუმბიის მოსახლეობაში სადაო საკითხი გახდა, რამაც შესაძლოა, მას თანამდებობაც კი დაატოვებინოს.