"ინდივიდუალური არჩევანი იქნება ამ ბრძოლაში ვინ მოინდომებს გამოვიდეს გამარჯვებული ხალხთან ერთად და ვინ გადაყვეს ოლიგარქთან "კეკლუცობას" (რისი მაგალითიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაერთი გვაქვს)", _ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალუ ქსელში წერს.
"რაც შეეხება ბოიკოტს. ვინც ბოიკოტზე ქილიკობს და მას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმს არასერიოზულად უყურებს, დიდი ბოდიში, მაგრამ არ ესმის ბოიკოტის არსი. ბოიკოტი არ ნიშნავს ავტომატურად ქუჩას. არც "შალიკოს" ნიშნავს და არც "გრეჩიხას სუნიან კარვებს". ბოიკოტი არის კოლექტიური ბრძოლის იარაღი, რომელიც, თუ სწორად იქნა გამოყენებული კონსოლიდირებული, ორგანიზებული და ძლიერი ძალის მიერ, შესაძლოა იქცეს ძალიან ეფექტური ზეწოლის ბერკეტად და სავაჭრო ძალად ხელისუფლების, რეჟიმის თუ ცალკეული ორგანიზაციული ერთეულების წინააღმდეგ.
მაგალითად, სწორად წარმოებული ბოიკოტის პირობებში, ჩვენ შესაძლებლობა გაგვიჩნდებოდა იძულებითი (და გარდაუვალი) საერთაშორისო ზეწოლის გზით წარმატებით გვევაჭრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური ლიდერის დევნილის სტატუსი, რეპრესირებული თანაგუნდელების უფლებების დაცვა, მოპარული ხმების დაცვა, რუსთავი ორი, არასასურველი კანონების არ მიღება და ა.შ. თუმცა ბოიკოტს ამავდროულად ახლავს დიდი რისკებიც და ამიტომ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ უკიდურეს და მხოლოდ კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში.
ტრიბუნა და საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვა, ჩემი აზრით, ნამდვილად არ განეკუთვნება სერიოზულ არგუმენტთა რიცხვს. ტრიბუნას არავითარი ფასი არ აქვს ოლიგარქის მიერ უზურპირებული ძალაუფლების ხელში, საკონსტიტუცო უმრავლესობით და სრული კონტროლით მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე. საერთაშორისო იზოლაციაც ძალიან პირობითია. ფაქტია, რომ დასავლეთისთვის საქართველოში ოლიგარქის ერთპარტიული მმართველობა და ამაზე რეაგირება ზედმეტი თავის ტკივილია და წნეხი ენმ.ზე გაიზრდებოდა. თუმცა, ასევე ყველას გვახსოვს დასავლეთის "ხვეწნა-მუდარა" 2003 ში და სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, დაიშალეთ და 2005ის არჩევნებს დაელოდეთო. საერთაშორისო მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, იქნება იქ, სადაც იქნება ხალხის ნება და ძალა.
მე ვთვლი, რომ ამ წნეხს წარმატებით ვუმკლავდებით 2003-დან მოყოლებული და ახლაც შევძლებდით. მიუხედავად ამისა დღეს მე იმ პირობების ერთობლიობას სამწუხაროდ (!) ვერ ვხედავ, რომელიც ბოიკოტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემდა. ეს ტრაგედია სულაც არაა. არსებობს არანაკლებ ეფექტური ბრძოლის გზები და შესაძლოა უფრო ადექვატურიც მოცემულ ვითარებაში. მთავარია იყოს ამომრჩევლის ნება და პოლიტიკური ჯგუფის ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა.
პ.ს. წარმატება გარდაუვალია. ოლიგარქიული დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება. ინდივიდუალური არჩევანი იქნება ამ ბრძოლაში ვინ მოინდომებს გამოვიდეს გამარჯვებული ხალხთან ერთად და ვინ გადაყვეს ოლიგარქთან "კეკლუცობას" (რისი მაგალითიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაერთი გვაქვს)", _ წერს კალანდაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.