სარძევე ჯირკვლის კიბო 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა, ყოველი წლის ოქტომბერი კი, ამ პრობლემასთან ბრძოლის თვეა. 2011 წლიდან ამ დღეს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის, ინიციატივამ საქართველომდეც მოაღწია.
დღევანდელი დღე მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კერძოდ, კი ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებებისა და სკრინინგის საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
მთლიანად ოქტომბრის თვე , ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და "ვარდისფერ ოქტომბრადაც" იწოდება. ამ თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა, რომლიც ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
პრობლემასთან გამკლავებას ცდილობენ საქართველოშიც. 30 ოქტომბერს კუს ტბაზე გაიმართება საქველმოქმედო მარათონი, რითაც მოხდება განათლების გაძლიერებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა.
მარათონი არსამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ "ჰერას" ორგანიზებით და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებული იყო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა, მათ შორის 7 მამაკაცებში, რაც 2013 წლის მონაცემებზე 5%-ით მეტია, ხოლო 2014 წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ადამიანი, 2013 წელს კი – 6123.
რაც შეეხება, 2015 წელს, სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში 1-ელ და მე-2 სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.
რამდენად აქტუალური პრობლემაა საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო და რა ღონისძიებები ტარდება აღნიშნულ დაავადებასთან გასამკლავებლად, – ამ საკითხებთან დაკავშირებით "გურია ნიუსს" ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის "ჰერას" აღმასრულებელი დირექტორი, მარიკა დავთულიანი ესაუბრა.
"ოქტომბერს სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლის თვედ მიიჩნევენ, რის გამოც "ვარდისფერ ოქტომბერსაც" უწოდებენ. ამიტომ ოქტომბრის თვის რომელი რიცხვიც არ უნდა იყოს, ჩატარებული ღონისძიებები მაინც "ვარდისფერ ოქტომბერთან" ასოცირდება,"_ამბობს დავთულიანი.
მისივე თქმით, "ჰერა" საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლის საკითხებზე სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მუშაობს.
"საქართველოში აქტუალურია სარძევე ჯირკვლის კიბო და შესაბამისად, მისი პრევენციას, რის გამოც, "ჰერა" ამ თემაზე დაარსების დღიდან მუშაობს. პირველად საქართველოში ჩავატარეთ საქველმოქმედო აქცია მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც იმართება ყოველწლიურად 2005 წლიდან და ჩატარების თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მსოფლიოში არ არის მიჩნეული , რომ მაინცდამაინც ვარდისფერ ოქტომბერს უნდა დაემთხვეს," _ამბობს დავთულიანი და დასძენს, რომ "შეიძლება დაემთხვეს იმ პერიოდსაც, როდესაც ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის ქვეყნისთვის აღნიშნული ღონისძიების გამართვას."
ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის "ჰერას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სარძევე ჯირკვლის მკურნალობას საყოველთაო დაზღვევა აფინასებს.
"საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება ქიმიო და ჰორმონოთერაპია, რაც შეეხება, პრევენციას, 2008 წლიდან დღემდე ტარდება სკრინინგ პროგრამა ქალბატონებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 40-იდან 70-წლამდე ქალების გამოკვლევას, ხოლო დაავადებების შემთხვევები ძირითადად 50 წლის ზემოთ ვლინდება,"_ამბობს დავთულიანი.
ამავე თემაზე: