ოზურგეთის მაზრაში სამი რუსული სასამართლო მოქმედებდა – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში. ბოიკოტის შედეგად სამივე უმოქმედოდ იყო, არა თუ ახალი საქმეები, არამედ რაც ძველი იყო, ისიც უკან გამოჰქონდა ყველას.
,,ოზურგეთის მოსამართლეს უფროსებისთვის მოუხსენებია, რომ ხალხი ჩემთან აღარ დადის, მე არაფერსა მთხოვს და საქმე არაფერი მაქვსო,” – წერდა გაზეთი ,,საქართველო” (პარიზი, #15 1905).
სასამართლოები საქმის წარმოებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ვერავინ კისრულობდა უწყებების ჩაბარებას. მოწმეები სასამართლოში არ ცხადდებოდნენ და ა. შ.
ერთმა გურულმა კრიმ-გირეისთან შეხვედრაზე განაცხადა: ,,სამართალი რომ არ გვაქვს და მოსამართლეები არ გვყავს ეს ყველასათვის ცხადია. ჩვენი მოსამართლეები სიტყვით არიან მსაჯულები, თორემ მათი მოქმედება ხელაღებით უსამართლობაა. კანონებს გვიწერენ ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებათ… ხშირად მოსამართლეებს ჩვენი ენა არ ესმით და პირადი თხოვნით მიმართვა არ შეიძლება.
უნდა წახვიდე და აწერიო ვინმე ,,აბლაკატს” (ადვოკატი – ი. მ.) თხოვნა და ამაში ცალკე ფული იხადო. გარდა ამისა სამართალში ქრთამი უნდა ხარჯო და ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება საქმის გარჩევას…
მოვითხოვთ ხალხისაგან ამორჩეული ნაფიცი მსაჯულების შემოღებას. ყველა სასამართლოებში საქმის წარმოება ადგილობრივ ენაზე უნდა სწარმოებდეს და მსაჯულმა უნდა იცოდეს მომჩივნის ენა.”
მას შემდეგ რაც გურულებმა საკუთარი სასამართლო შექმნეს, გურიის არც ერთი მცხოვრებელი აღარ ეკარებოდა რუსულ მართლმსაჯულებას. სამოქალაქო და სისხლის სამართლი საქმეები ირჩეოდა სახალხო სასამართლოში ყოველ კვირას, ხალხის თანდასწრებით.
ყოველი სოფელი დემოკრატიულ საწყისებზე ირჩევდა მოსამართლეს. კორუფციას რომ არ ჰქონოდა ადგილი მოსამართლეები ხშირად იცვლებოდნენ.
ნიკო მარი იუწყებოდა, რომ ,,…ჯერ მაგალითი არ ყოფილა იმისი, რომ ვისმე დაემალოს რამე ავაზაკობა, გამოძიებას თვით საზოგადოება ახდენს, არჩეულ კომისიის საშუალებით. ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდი, ან ავაზაკი არ აღმოეჩინოს ხალხს და ამ მხრივ ყველა მადლიერი რჩება ამ სასამართლოში.”
სახალხო სასამართლოს თავად-აზნაურებიც კი მიმართავდნენ, რადგან ის სწრაფად და უფრო სამართლიანად არჩევდა საქმეებს რუსული სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც პროცესები ხანდახან 8-10 წელიწადს გაგრძელებულა; ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ხნის განმავლობასი მომჩივან-მოპასუხეებიც და მოწმეებიც გარდაცვლილან და მერე დაუწყია სასამართლოს საქმის გარჩევა.
ნაწყვეტი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა"