დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ "ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში პოტენციურ საფრთხეებზე ისაუბრა. კორძაის განმარტებით, ”ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი შეცდომები სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მათ ჰქონდათ კონსტიტუციური უმრავლესობა.
”პოტენციური საფრთხე ამ შემთხვევაში არის რეალური, რომ განმეორდეს ”ქართული ოცნების” პირობებშიც. ძალიან ბევრი ამბობს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ”ქართულ ოცნებას” მისცემს შესაძლებლობას, რეფორმები მიიყვანოს ბოლომდე და ა.შ. ყველა ეს მოსაზრება მცადარია და ღრმად ცდება, ვინც მსგავსი ტიპის დასკვნას აკეთებს. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი საფუძველი არის ბალანსი, ხელისუფლების შტოები აბალანსებენ ერთმანეთს. ამაზე დგას ნებისმიერი დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფო. ასევე, პარლამენტში უმრავლესობას აბალანსებს უმცირესობა. როდესაც ეს ბალანსი საერთოდ არ არსებობს და უმრავლესობა არაფერში არ საჭიროებს შეთანხმებას უმცირესობასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქცეულია ერთი სუბიექტის ხელში, რაც რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი საფრთხის მომცველია. ამ შემთხვევაში ძირითადი პრინციპი, რაც ახასიათებს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, ურთიერთდაბალანსების პრინციპი, ეს სახეზე არ გვექნება და არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ არსებული ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებებს გადაამეტებს”, _ განაცხადა კორძაიამ.