1921 წლის კონსტიტუციის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშავდა:
“კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა”.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.
კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.
გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. ამას მთლიანად მეთოთხმეტე თავი ეძღვნება, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით, მისი დედაენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა; ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა, იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში.
პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა _ მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
როგორც წესი, კონსტიტუცია შეიცავს პრეამბულას, რომელშიც, ჩვეულებრივ, ასახულია კონსტიტუციის გაჩენის მიზანი და ამოსავალი პრინციპები. ამ მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია გამონაკლისია_ მას არ აქვს პრეამბულა.
მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის პრეამბულის მაგივრობას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ასრულებს, თუმცა ამის შესახებ თავად კონსტიტუციაში არაფერი არ არის ნათქვამი _ მასში არსად არ არის მინიშნება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობის აქტი კონსტიტუციის ორგანული ნაწილია.
ბუნებით 1921 წლის კონსტიტუცია „ხისტი კონსტიტუციების“ რიგს მიეკუთვნება. იგი კონტიტუციის გადასინჯვის რთულ მექანიზმს ითვალისწინებს. მასში ცვლილების შესატანად ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მეღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება.
სახელმწიფოებრივი მოწყობა/ ტერიტორიული მოწყობა
ტერიტორიული მოწყობის მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოს, რადგან მის შემადგენლობაში შედიოდა სამი ავტონომიური მმართველობა და ადგლობრივი თვითმმართველობა _ აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსულმანო საქართველოსა (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა მიენიჭათ.
მმართველობის ფორმა და სახელმწიფო ორგანოები
კონსტიტუციაში მმართველობის ფორმად განისაზღვრა რესპუბლიკა. იგი უცვლელად და მუდმივად არის გამოცხადებული _ „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა–გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.“
ეს, ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ არ ყოფილიყო მონარქიის აღდგენის მცდელობა.
კონსტიტუციის ტექსტში არც ერთხელ არ არის ნახსენები სიტყვათა წყობა „ხელისუფლების დანაწილება“, თუმცა სახელმწიფო ორგანოთა სისტემა წარმოდგენილია პარლამენტის („საქართველოს პარლამენტი“), მთავრობისა („უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება“) და სასამართლო („სასამართლოები“) ორგანოების სახით.
კონსტიტუცია საზოგადოებას სთავაზობს ერთგვარ საპარლამენტო რესპუბლიის მოდელს, თუმცა ეს არ არის კლასიკური პარლამენტიარიზმი იმის გამო, რომ ამ ფორმაში არ არსებობს ნეიტრალური ფიგურა _ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, ან დაითხოვდა პარლამენტს, ან გადააყენებდა მთავრობის მთელ შემადგენლობას.
სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში არანაირი სახით არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მეთაური. მისი ტრადიციულ ფუნქციათა ნაწილი განაწილებულია ერთ წლით არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეზე. მას ენიჭებოდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა. როგორც წესი, ასეთი სტატუსით მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები სარგებლობენ, თუმცა კონსტიტუციის ტექსტი არ ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური იმავდროულად სახელმწიფოს მეთაურიც იყო. მას არ ჰქონდა ვეტოს უფლება, იგი ვერ ითხოვდა პარლამენტს.
სახელმწიფო ორგანოთა შორის კონსტიტუციის ტექსტში აშკარად არის გამოკვეთილი პარლამენტის უპირატესობა — „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.“ იგი ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საერთო კონტროლს. სწორედ ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო იყო საპარლამენტო რესპუბლიკა.
კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობდა ერთი უმაღლესი სასამართლო _ სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი.
იგი, ძირითადად, ასრულებდა საკასაციო ფუნქციას, ანუ პირველი ინსტანციით საქმეებს არ იხილავდა. გარდა სენატისა, არსებობდა სასამართლოების მთელი სისტემა, რომელებიც ახორციელებდნენ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. საინტერესოა ის, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯუთა ინსტიტუტს, რომელიც განიხილავდა მხოლოდ მძიმე სისხლის სამართლის, პოლიტიკურ და ბეჭდვით საქმეებს.
ადამიანის უფლებები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა გარანტიებს თითქმის მთლიანი ტექსტის ნახევარი დაეთმო. ამ უფლებებს სამი თავი ეთმობა: თავი მეორე _ მოქალაქეობა; თავი მესამე _ მოქალაქის უფლებანი; თავი მეშვიდე _ სოციალ-ეკონომიკური უფლებანი.
მესამე თავი წარმოადგენს კონსტიტუციის ყველაზე სრულყოფილ ნაწილს, რომელშიც დეტალურადაა ჩამოყალიბებული საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებები. მართალია, ამ თავს „მოქალაქის უფლებანი“ ეწოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში მოხსენიებული უფლებებისა და თავისუფლებების ნუსხა უცხოელებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ ვრცელდება.
ეს თავი, ძირითადად, ეხება ადამიანის პირად და პოლიტიკურ უფლებებს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური უფლებები მოცემულია მეცამეტე თავში. იმაზე, რომ 1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებათა განმტკიცებით, მეტყველებს მეთოთხმეტე თავიც, რომელიც მთლიანად ეძღვნება ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუიცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.
თავი პირველი _ ზოგადი დებულებანი
პირველ თავი თერთმეტი მუხლისგან შედგება და მასში მოცემულია ზოგადი დებულებები. მის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მისი დედაქალაქი არის ტფილისი, ხოლო სახელმწიფო ენა _ქართული. საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის შინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლით.
დაუშვებელია სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა, სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით. ამავე თავში მოცემულია კონსტიტუციის სტატუსი _ კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედააზრის წინააღმდეგია.
ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივად და განუწყვეტლად, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.
თავი მეორე _ საქართველოს მოქალაქეობა
მეორე თავი ეხება საქართველოს მოქალაქეობას და შედგება მხოლოდ ოთხი მუხლისაგან. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე; საქართველოს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ. მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს.
თავი მესამე _ მოქალაქის უფლებანი
მესამე თავი წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე სრულყოფილ თავს, რომელშიც მოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებები. იგი შედგება ოცდაათი თავისაგან.
აღიარებულია მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე; არ არსებობს წოდებრივი განსხვავება; ხარისხის მინიჭება, გარდა აკადემიურისა, აკრძალულია; სიკვდილით დასჯა გაუქმებულია; აკრძალულია მოქალაქის დასჯა, თუ არა სასამართლოს წესით;
პიროვნება ხელშეუხებელია. არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაგვარად ექნეს თავისუფლება აღკვეთილი და პირადად იქნეს გაჩხრეკილი ვინმე, თუ არა სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით; დამნაშავის დაკავების უფლება ეძლევა ფიზიკურ პირსაც, თუ იგი მას დანაშაულის ადგილას მიასწრებს და, ამასთანავე, ადმინისტრაციის მისვლამდე მისი მიმალვა არის მოსალოდნელი; ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია.
მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია. მისი ნახვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით; ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და საცხოვრებლის არჩევაში სრულიად თავისუფალია. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება; დაუშვებელია მოქალაქის დევნა და მისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო.
ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს; ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრი გამოხატოს და გაავრცელოს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე;
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი; ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიური და საოჯახო უფლებებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 45-ე მუხლი, რომელიც აღიარებს ადამიანის ისეთ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული: კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან. “
თავი მეოთხე _ პარლამენტი
მეოთხე თავში მოცემულია ნორმები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის შესახებ, სულ 20 მუხლი.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნებით არჩეული დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შეუსრულდა. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.
პარლამენტი იკრიბება ყოველ წელს, ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელ რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრონ პარლამენტის გახსნას. პარლამენტის პრეზდიუმი აირჩევა ყოველ წელს.
ამ თავიდან მნიშვნელოვანია 52-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს პარლამენტის უპირატესობაზე სხვა ხელისუფლების შტოებთან მიმართებით: „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.“
პარლამენტი გამოსცემს კანონს, დეკრეტსა და დადგენილებას. მისი კომპეტენციაა: კანონმდებლობა; რესპუბლიკის ჯარისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი გამგებლობა; ომის გამოცხადება; საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებათა დამტკიცება უცხო სახელმწიფოსთან; ამნისტია; ბიუჯეტის დამტკიცება; საშინაო და საგარეო სესხის აღება; კონსტიტუციითა და კონით მიკუთვნებული თანამდებობის პირთა არჩევა; აღმასრულებელი ხელისუფლების საერთო კონტროლი.
48-51 მუხლები ეძღვნება პარლამენტის წევრთა იმუნიტეტსა და ინდემნიტეტს. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოთქვამს თავისი მოვალეობის შესრულების დროს. მისი პიროვნება ხელშეუხებელია.
იგი არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც მას დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს; პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც დეპუტატს. მას ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როდესაც იგი დეპუტატად აღარ ითვლება; პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.
პარლამენტის სხდომა საჯაროა, მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს; სხდომაზე ყოველი საკითხი წყდება ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული[; თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს.
თავი მეხუთე _ აღმასრულებელი ხელისუფლება
მეხუთე თავი, რომელიც შედგება 10 მუხლისგან, ეძღვნება აღმასრულებელ ხელისუფლებას. უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.
მას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ. მას ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს. მთავრობის დანარჩენ წევრებს _ მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს ან რომელიმე პროფესიას მისდევდეს. მას შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი.
მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებებია: მას ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან; განსაკუთრებულ გარემოებაში, თუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია, თავმჯდომარეს შეუძლია გამოიწვიოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს პარლამენტს; იგი გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არ აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს; მას უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს მართველობის ამა თუ იმ დარგის, ადგილის ან მოვლენის რევიზია კანონში მოცემული წესის მიხედვით; თავმჯდომარეს არ აქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება იმის გარდა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისთვის მიკუთვნებული.
მთავრობის კონპეტენციაა: რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა; კონსტიტუციისა და კანონების არშრულებაზე თვალ-ყურის დევნება; პარლამენტის წინაშე თავისი კანონპროექტის წარდგენა, ასევე დასკვნის წარდგენა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული; რესპუბლიკის საგარეო ინტერესების დაცვა; რესპუბლიკის გარეშე განსაცდელისგან უზრუნველყოფა და მისი დამოუკიდებლობის დაცვა; სახელწმიფოს შიდა წესრიგისა და უშიშროების დაცვა.
მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა, მთავრობას უფლება აქვს თავისი დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ ეს მეტი ვადით დასჭირდა, მთავრობამ პარლამენტისგან უნდა მიიღოს ნებართვა; განაგოს ფინანსები, მოჭრას ფული და ყოველწლიურად პარლამენტს წარუდგინოს პიუჯეტის შემოსავა-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა; თავისი მოქმედებების ანგარიში ჩააბაროს პარლამენტის და წელიწადში ერთხელ მაინც მოხსენება წარუდგინოს საქართველოს შინაგანი და საგარეო მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე წარუდგინოს განსაკუთრებული მოხსენება, თუ პარლამენტმა მოითხოვა ეს; კანონითა და პარლამენტის დავალებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როდესაც პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას.
მინისტრს აქვს პარლამენტში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი დეპუტატად ირიცხება. მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს მას, ხოლო მინისტრი, თავის მხრივ, პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით არის ვალდებული სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება მისცეს მათ.
მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას, აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა, შეცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი. კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება წარმოებს საერთო წესით.
თავი მეექვსე _ სასამართლო
მეექვსე თავი ეხება სასამართლოებს და შედგება რვა მუხლისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო _ სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. მისი მოვალეობაა კანონის დაცვისთვის თვალ-ყურის დევნება. იგი, ძირითადად, საკასაციო პუნქციას ასრულებდა.სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწამოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.
სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება წარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით. სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ ან შეჩერებულ იქნეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლოს სხდომა საჯაროა _ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება დახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით. მძიმე სისხლის სამართლისა და, აგრეთვე, პოლიტიკური და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, სასამართლოს დადგენილების გარეშე. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული; სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.
თავი მეშვიდე _ სახელმწიფო ფინანსები
მეშვიდე თავი შედგება შვიდი მუხლისაგან და მასში მოცემულია ნორმები სახელწმიფო გადასახადებისა და ბიუჯეტის შესახებ.
არც ერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს. კანონის ძალის გარეშე, სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება.
სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველ წელს უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დადგომამდე, მთავრობას, პარლამენტის ნებართვით, უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაფაროს. ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.
თავი მერვე _ სახელმწიფო კონტროლი
მერვე თავი ეძღვნება სახელმწიფო კონტროლს და შედგება სამი თავისგან. სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება: სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება; სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი; მთავრობისა და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში; ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები, კანონის თანახმად.
სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს.
თავი მეცხრე _ სახელმწიფო თავდაცვა
მეცხრე თავი ეხება სახელმწიფო თავდაცვას და შედგება ოთხი მუხლისგან. ამ თავის მიხედვით, რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, კანონის თანახმად, პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა; სამხედრო ძალთა დანიშნულება არის რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიის დაცვა; სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველ წელს პარლამენტი ამტკიცებს.
თავი მეათე _ ადგილობრივი თვითმმართველობა
მეათე თავში მოცემულია ნორმები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. იგი შედგება ცხრა მუხლისაგან.
ადგილობრივი თვითმმათველობა არის ამავე დროს ადგილობრივი მართველობის ორგანო და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ-განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში. მას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება კანონის თანახმად. მისი დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.
მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ.
ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.
ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილება მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს.
თავი მეთერთმეტე _ ავტონომიური მმართველობა
მეთერთმეტე თავი ეხება ავტონომიურ მმართველობას და ორი მუხლისგან შედგება. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოსა (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.
თავი მეთორმეტე _ სწავლა-განათლება და სკოლა
მეთორმეტე თავი ეძღვნება სწავლა-განათლებას და შედგება ოთხი მუხლისგან. ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია. სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას; დაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა.
საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც დაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა; სახელმწიფო მიზნად ისახავს: დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადადებენ ყოველწლიურად.
112-ე მუხლი ითვალისწინებს კერძო სკოლების არსებობასაც, თუმცა ისინი უნდა დაემორჩილნონ საერთო სასკოლო კანონს.
თავი მეცამეტე _ სოციალ-ეკონომიკური უფლებანი
მეცამეტე თავში მოცემულია და გარანტირებულია ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. იგი შედგება თექვსმეტი მუხლისაგან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.
114-ე მუხლით აღიარებულია საკუთრების უფლება. ამ მუხლის მიხედვით, საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. პირს ჩამორთმეული ქონებს სანაცვლოდ, მიეცემა სათანადო ანაზღაურება, თუ კანონში სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
115-116 მუხლები ეხება მეურნეობას. რესპუბლიკას აქვს საკუთარი სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია; რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთივე მეურნეობის გაფართოვებასა და გაძლიერებას. წვრილი მწარმოებლის (სოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის) შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია.
რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება. მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.
შრომა რესპუბლიკის არსებობის საფუძველია და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა; ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს.
გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი; წარმოებაში 16 წლამე ყმაწვილის შრომა აკრძალულია. 16–18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში. მოზარდთა და საზოგადოდ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით; მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არ აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით.
ასევე დაეხმარება ხაზინა მას, თუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომისუნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია; დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე.
რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და წარმოებაში შრომის ნორმალური პირობები. ამისთვის არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან; განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში: მუშა ქალი მშობიარობის დროს არანაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად. დამქირავებელს ევალება ჩვილ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.
თავი მეთოთხმეტე _ ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი
მეთოთხმეტე თავი განამტკიცებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს და შედგება ცხრა თავისაგან.
არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი საციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედაენით სწავლა, აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე; ეროვნული უმცირესობის სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.
ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი 130-ე მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.
ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშუალებები მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად; არ შეიძლება შეიზღუდოს ვინმეს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას; ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნული უმცირესობის უფლების დარღვევას.
ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირეოსბა აღემატება მოქალაქეთა 20 %-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით, მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში, შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზეც; არაქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმარისად არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედაენაზე, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს.
თავი მეთხუთმეტე _ სახელმწიფო მოხელენი
მეთხუთმეტე თავი ეხება სახელმწიფო მოხელეებს და შედგება ოთხი მუხლისაგან. ამ თავის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნილებას; მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ ან დისციპლინარული წესით დასჯილ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვის მიერაც იგი იყო მიღებული სამსახურში. სამსახურიდან სრულად დათხოვნის წესს განსაზღვრავს კანონი; თითოეულ მოხელეს აქვს პენსიის მიღების უფლება. მოხელისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი; თითოეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ. მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის და მოსთხოვოს სახელმწიფოს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით.
თავი მეთექვსმეტე _ სახელმწიფო და ეკლესია
მეთექვსმეტე თავი ეძღვნება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას და შედგება სამი მუხლისაგან. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან; არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა[; ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.
თავი მეჩვიდმეტე _ კონსტიტუციის გადასინჯვა
მეჩვიდმეთე თავში მოცემული კონსიტუციის გადასინვჯვის პირობები და შედგება ხუთი თავისაგან.
ამ თავში გათვალისწინებულია კონსტიტუციის გადასინჯვის ორი საშუალება _ ზოგადი და ნაწილობრივი. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივისუფლება აქვს პარლამენტის წევრთა ნახევრის არანაკლებსა და ორმოცდაათი ათას ამომრჩეველს; კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წინადადება პარლამენტის დღიურ წესრიგში განსახილველად დაისმება განსახილველად შეტანის დღიდან არაუადრეს ექვსი თვისა; კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა-გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის საგანი.