წყალი, გზა, მიწა, გაზი _ ამ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის არქონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.
ლაითურის ერთ-ერთ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 8 ოქტომბრის არჩევნები წააგო. წაგების მიზეზებზე აქაურებს საკუთარი მოსაზრება აქვთ:
"არსად არ იქნება ასეთი გაჭირვებული მოსახლეობა, როგორიც ლაითურშია. ახალგაზრდობა სამუშაოდ თურქეთშია გადახვეწილი, სოფელში უფროსი ასაკის ადამიანები ვართ შემორჩენილები, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აღარ გაგვაჩნია, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და პური გვქონდეს. დანგრეულია სოფლის ცენტრში მდებარე შენობები _ ნაომარს ჰგავს აქაურობა. გაიძახიან _ "ნაცები", "ნაცებიო"! აღარ არიან, ბატონო, ეგ "ნაცები". თვითონ გააკეთონ, ამდენი წელია აღარ მობეზრდათ სხვისთვის გადაბრალება?"
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ერთხელ მოვაწყვეთ აქცია მიწების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით, არც ერთი მთავრობისგან კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. 25 წელია ძარცვავენ ჩვენს სოფელს. ყველა არჩევნებზე ხელისუფლებას ვაძლევდით ხმას _ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო და გვერეკებოდნენ არჩევნებზე ხმების მისაცემად. თუმცა, ჩვენთვის არც გზა ყოფილა და არც _ წყალი. არ გვაკმარეს ეს და ერთ "მშვენიერ დღეს" საკუთარი მიწებიც წაგვართვეს. გადახვეწილია მთელი ლაითური მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ, დიდი და პატარა ყველა იქაა!
25 წელია წყალს ვითხოვთ. არც წყალი გვაქვს, არც _ გზა, არც _ გაზი. "ქართული ოცნება" კი არა, ტყუილების პარტია უნდა ერქვას მაგას _ ამდენი დაპირებები და ტყუილები ამოგვივიდა ყელში, _ ამბობენ ლაითურში.
პირველ რაიონში მცხოვრებლები _ ავთანდილ დავითაძე, ციალა მიქელაძე, თამაზ ხოსრევანიძე და ქეთევან მხეიძე "გურია ნიუსთან" პრობლემების შესახებ ღიად საუბრობენ:
"მყავს რძალი და შვილი, ოღონდ ცალკე ცხოვრობენ. მეუღლეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. მეექვსე ოპერაცია აქვს გაკეთებული. წამოდით, ნახეთ, სად ვცხოვრობთ. შარშანწინ მომცა გამგეობამ ამ ქოხის გადასახური მასალა და ისიც ვერ გადავხურე. არც სოციალური დახმარება მაქვს. ასჯერ დავწერე განცხადება გამგეობაში. ჩვენ რომ დახმარებას არ მოგვცემენ, პენსია წამლის ფულად არ გვყოფნის, თავი რით უნდა ვირჩინოთ?" _ ამბობს ქეთევან მხეიძე.
"აქციებიც გავმართეთ წყალთან დაკავშირებით, მაგრამ რად გინდა?! ერთი ჭა გვაქვს 30 ოჯახს. 30 წლის გავხდი და ონკანიდან ხელი არ დამიბანია _ არ ვიცი, ონკანში წყალი როგორ მოდის. სხვა რაიონებში გადახურეს სახლები და ჩვენთან _ არა. რამდენი წელი ლაითურში შემოვლითი გზით დაბა ნარუჯიდან დავდიოდით, როგორც იქნა, გვეღირსა მერია-ლაითურის დამაკავშირებელი ხიდი და იმასაც მალე ჩაანგრევენ ეს ტრაილერები, რომლებიც კარიერებიდან ქვიშას ეზიდებიან. არაფერი გაუკეთებიათ, რაც დაგვპირდნენ. არჩევნების წინა დღეს მოვიდნენ და დაპირებებით აგვავსეს, მაგრამ აღარ ენდო ხალხი და არ მისცეს ხმა. 21-ე საუკუნეში რომ წყალი არ გექნება, ეს ქვეყანაა? ამდენი ხანია იძახიან, პროექტი შედგენილიაო, მაგრამ მშენებლობა არა და არ იწყება. რატომ უნდა ვიყოთ ტალახში და კისრამდე წყალში ჩამდგარი და ვარჩევდეთ ნიგოზს, რომ გავყიდოთ და საჭმელი ვიყიდოთ? ახალგაზრდობა თურქეთშია, ასაკოვანი კაცები ყანებში ქირაზე მუშაობენ. მიწები ჩვენ არ გვაქვს, გაყიდეს სულ ჰექტრობით და მერე დაიწყეს ჩვენზე მოყიდვა. ეს სამართალია? თუ მიწა არ გვექნება სოფელში, რად გვინდა აქ ცხოვრება?!" _ ამბობენ პირველ რაიონში მცხოვრებლები.
ლაითურის პრობლემებთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ლაითურში ემზარ ბერიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
"წაგება რას ჰქვია?! მეთერთმეტე უბანში პროპორციულში 4 ხმით წავაგეთ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მოიგო 15 ხმით, 40 პროცენტი ჩვენი იყო და 28 პროცენტი "ნაციონალების" _ ეს წაგება არაა, მგონი.
გზა და წყალს რაც შეეხება, წყლის საკითხი გადაწყვეტილია _ სამუშაოები მიმდინარეობს; გაზზეც მიდის მუშაობა და გადაითხრება გზები, აბა რა იქნება? ამის შემდეგ დაიწყება გზის გაკეთება, მანამდე მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება ქეთევან მხეიძეს, ძალიან ბევრჯერ დავეხმარეთ, სახლის გადასახური მასალაც მივეცით, მას უნდა გადაეხურა, მაგრამ ვერ მოახერხა და ჩვენ რა შუაში ვართ?!" _ ამბობს ბერიძე.