პრემიერ-მინისტრს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმება შეუძლია, ანალოგიური გადაწყვეტილების ცალკეულ სამინისტროსთან დაკავშირებით მიღებას კი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.
გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მოვალეობის შემსრულებელი პრემიერი ხდება, აქვს უფლებამოსილება, მომავალ პარლამენტს, ნდობის გამოცხადებისას, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმება შესთავაზოს.
კანონმდებლობით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უფლებამოსილია პარლამენტს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ან გაუქმება შესთავაზოს.
ამასთან, თუკი მთავრობის ფარგლებში საკუთრივ გარკვეული სამინისტროების შერწყმა-გაუქმება იგეგმება, ეს ამ ეტაპზე, სავარაუდოდ ვერ განხორციელდება.
საქმე იმაშია, რომ არსებული სამინისტოები ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის საფუძველზეა შექმნილი. რომელიმე სამინისტროს გაუქმებას თუ სხვა სამინისტროსთან შერწყმას აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დასჭირდება, რასაც ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტი ვერც მოასწრებს და ვერც შესძლებს. რაც შეეხება ახალ პარლამენეტს, როგორც კი ის შეიკრიბება, დღის წესრიგში განხილვის მთავარი საკითხი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი იქნება და არა ძველი მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა.