ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში აღმოჩენილი რადიაციის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. შესაბამისად, უწყებას ჯერ არ ჩაუტარებია მოკვლევა, რა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის მომატებულმა ფონმა და რა საფრთხის წინაშე დგას ანასეულის მოსახლეობა.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ანასეულის პრობლემას განსაკუთრებული კვლევა სჭირდება, თუმცა, როდის ჩატარდება ის, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსად მონიტორინგი ანასეულში არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაუტარებია, ექსპერტები კი, უწყებათაშორისი კომისიის დროულად შექმნისა და საკითხის სწრაფად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა "გურია ნუსთან" საუბისას აღნიშნავს, რომ დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, მათ ხელთ არსებული მონაცემებით გურიის რეგიონში განსაკუთრებული და განსხვავებული ვითარება არ არის.
"ზოგადად რადიაციული ფონის ზრდა დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებების გავრცელების მატებასთან. პირველ რიგში ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო, სისხლის კიბო და ასევე გარკვეულწილად ძუძუს კიბო. გარდა ამისა, რადიაციული ფონის მომატება მნიშვნელოვნად განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებასაც, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევებს და ა.შ. ასევე თუ უშუალოდ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ვართ, შესაძლებელია იყოს თვალის ბადურის დაზიანებები, კანზე დამწვრობა. რაც შეეხება საქართველოში მდგომარეობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 2015 წლიდან შეგვიძლია უშუალოდ განვსაზღვროთ თუ რა სიტუაციაა რეგიონებში. ვინაიდან უკვე ხდება აღრიცხვა არა მარტო სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არამედ რეგიონების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ ვისაუბრებთ გურიის რეგიონზე ზოგადად, ყველა ლოკალიზაციის კიბოს გავრცელების თვალსაზრისით, 11 რეგიონს შორის გურია მე-8 ადგილზე დგას. თუ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, 2015 წელს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ამავე წლის მონაცემით, ავთვისებიანი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის 57 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამ ეტაპზე ის მონაცემებით, რაც ჩვენს ხელთ არის, კიბოს რეესტრში რაიმე განსაკუთრებულს გურიის რეგიონში ნამდვილად ვერ ვადასტურებთ", _ ამბობს სტურუა.
"_ანასეულში რა ხდება ამას უფრო განსხვავებული ტიპის კვლევა სჭირდება, გამოკვლეული უნდა იყოს გარემო, რადიაციის ფონი და ასევე უნდა მოხდეს უშუალოდ მოსახლეობის გამოკვლევა", _ ამბობს სტურუა და დასძენს, რომ ამ მიმართულებით კვლევა ადგილზე არ ჩატარებულა.
ჯანდაცვის სპეციალისტი მოსახლეობას მოუწოდებს რადიაციულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვი არ გაუშვან, რადგან მისივე თქმით, ადამიანის ორგანიზმში რადიაცია რძის პროდუქტებიდანაც გადადის.
"ნებისმიერი რადიაციულად დაბინძურებული პროდუქტიდან, რა თქმა უნდა, გადავა რადიაცია ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ზუსტად რომ გითხრათ რა დოზით, რომელი რძის პროდუქტიდან შეიძლება გადავიდეს, არ ვიცი. ნებისმიერი მედია, სადაც არის რადიაციის კერა, წყალში იქნება ეს, ჰაერში, თუ ნიადაგში, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე", _ აცხადებს სტურუა.
ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია კი მიიჩნევს, რომ ადგილზე სიტუაციის გამოსწორება უწყებათაშორისი კომისიის შექმნით და კვლევების ჩატარებით არის შესაძლებელი.
"ვფიქრობ, რადგან არსებობს ციფრები, ცნობილია სპეციალისტებისთვის, უნდა მოხდეს მულტისექტორალური ჩარევა, როგორც ენერგეტიკის, ასევე ჯანდაცვის, მედიცინის სპეციალისტების. უნდა შედგეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ამ მდგომარეობას დეტალურად და განსაზღვრავს რისკებს, რამდენად მაღალია მოსახლეობისთვის. ალბათ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება, რა ფართზეც არის საუბარი, იმის შემოფარგვლა, რომ პირუტყვი და მოსახლეობა არ მიუახლოვდეს უშუალო კერებს. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა. საერთოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, არის თუ არა სახიფათო, თუ სახიფათოა როგორი ხარისხით ამას ყველაფერს დაადგენენ დეტალური შესწავლისას და ერთობლივად", _ ამბობს სასანია.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსი ზაურ ჩანქსელიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილი ფიზიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ გახდა.
ჩანქსელიანის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილზე მოკვლევა ჯერჯერობით არ ჩაუტარებია, თუმცა დასძენს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ანასეულის ტერიტორიის შესწავლა გაიწერება.
"აღნიშნული პრობლემა ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული აკადემიის ეკოლოგიის სექციის სხდომაზე. იქ ფიზიკის ინსტიტუტმა გამოიტანა მონიტორინგის შედეგები ანასეულში, სადაც საცავი იყო რადიაქტიული ნარჩენების. კომისიას მოახსენეს, რომ დაახლოებით 1 ჰა ტერიტორიაზე წინასწარი დასკვნებით შესაძლებელია დაბინძურებული იყოს რადიაქტიული იზოტოპებით. ამ კვლევის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ მივიდეს ეს მთავრობამდე და მათი განკარგულებით დაევალოს ყველა ორგანიზაციას შევისწავლოთ ეს და ვნახოთ რა ხდება იქ. მე როგორც მოვუსმინე მოხსენებას, ანასეულში კატასტროფული არაფერი არ არის. დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი, შემოიღობოს ტერიტორია მთლიანად, რომ საქონელი და ხალხი არ შევიდეს. გარე გამოსხივება იქ იმხელა არ არის, რომ ვინმე დაზიანდეს, მაგრამ საქონლის საკვებში რომ არ მოხვდეს რადიაცია და შემდეგ ადამიანის საკვებში გადავიდეს, ამ ადგილის იზოლაცია აუცილებელია.
ჩვენც ჩავერთვებით, გვაქვს უახლესი აპარატურა, ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად და გავაკეთებთ ყველაფერს. ხალხი მინდა დავამშვიდო, რომ არაფერი საშიში და კატასტროფული არ არის, თუმცა, საკითხის გაუბრალოებაც არ არ შეიძლება, აუცილებლად შესასწავლია.
აქამდე ეს ტერიტორია პროგრამაში არ გვქონია, არც შეგვიმოწმებია. ხომ არ შეგვიძლია მთელი საქართველო ერთდროულად შევამოწმოთ. ეს არ იყო ცნობილი პრობლემა. სხვა პრობლემა მოიცდის, ჩაიდება მომავალი წლის ბიუჯეტში ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად და გავაკეთებთ", _ აღნიშნავს ჩანქსელიანი.
ცნობისთვის, რადიაციის კერების არსებობის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა ცნობილი, როცა მოვიპოვეთ წერილი გრიფით _ "საიდუმლო". წერილით ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიაციის კერა არსებობდა. შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა, თუმცა რა რეაგირება მოყვა აღნიშნულ წერილს უცნობია. დღემდე არ არის ცნობილი, სად არის რადიაქტიული ნარჩენებით სავსე ტყვიის კონტეინერები. არსებული ინფორმაციით, ისინი ანასეულიდან გაიტანეს, თუმცა, მეორე ვერსიით, კონტეინერები ამ დრომდე ანასეულის ტერიტორიაზე რჩება.
ინსტიტუტში, რომელიც 70-იან წლებში დაარსდა და 1996 წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა, მცენარეებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, თუმცა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ადგილზე მასშტაბური სამუშაოები აღარ განხორციელებულა. ლაბორატორიის ტერიტორია კი, 90-იან წლებში რამდენჯერმე გაიძარცვა და გაპარტახდა. მოგვიანებით, 2012-2013 წლებში ადგილზე სამუშაოები ჩატარდა, დაბეტონდა ახალი სამარხების ტერიტორია, სადაც რადიაციული ნარჩენები იყო მოთავსებული, მაგრამ რადიაციის გაჟონვა ვერც ბეტონის ახალი საფარმა უზრუნველყო, რომელიც უკვე საგრძნობლად დაზიანებულია.
"გურია ნიუსი" აგრძელებს საკითხზე მუშაობას და უახლეს ინფორმაციებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში
გამოცემა მომზადებულია პროექტის "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.