სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ლანჩხუთში გასახარჯი 756 256 ლარიდან სოფელ ქვიანში გარე განათების მოსაწყობად 17 377 ლარი მიიმართა, ანუ მთლიანი თანხა, რომელიც სოფელს ერგებოდა.
გარე განათება პრიორიტეტად სოფლის მცხოვრებლებმა სოფლის კრებაზე ერთხმად მიიჩნიეს. შესაბამისი სამუშაოები ზაფხულში გახორციელდა და რამდენიმე უბანში ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ სამუშაოები დაასრულა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ჩამონათვალში არ მოხვდა რუსთაველის ქუჩა. არადა, იმ რთული რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქუჩას აქვს, სწორედ აქაური მოსახლეობა ელოდა ყველაზე მეტად, რომ, პირველ რიგში, მათთან გახორციელდებოდა სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები.
"საერთოდ, როცა რაიმეს გაკეთება იგეგმება, იმისთვის, რომ მას მეტი ეფექტი და შედეგი ჰქონდეს, ჯერ უნდა შევისწავლოთ პრობლემა და სწორედ ამ პრობლემას უნდა მოერგოს ის, რის გაკეთებაც იგეგმება. ქვიანში, თავისი ადგილმდებარეობით, ყველაზე მეტად ამ ქუჩას სჭირდებოდა განათება და რატომღაც ის არ გაკეთდა. საერთოდ, განათება ყველა ქუჩას სჭირდება, მაგრამ პრიორიტეტების წარმოჩენისას ხომ უნდა იქნას გათვალისწინებული რაღაც-რაღაცეები?! ბოლოს და ბოლოს, განათება მოდა ხომ არაა?! ის აუცილებლობიდან გამომდინარეა საჭირო უპირველესად და ვინმე თუ იტყვის, ამ ქუჩას ის არ სჭირდება, ან სხვა ქუჩას უფრო სჭირდება, მაშინ ხმას არ ამოვიღებთ.
ეს ქუჩა მთისკენ მიდის და ღამით ნადირთან შეჩეხების საშიშროებაა, თანაც ღელისპირა ზოლია, რამდენიმე ხიდია გასავლელი და თავისთავად ყველაფრის გათვალისწინებით განათება აქ სჭირდება ადამიანს უპირველესად.
თავიდან გვითხრეს, ხუთი ლამპიონი დამონტაჟდებაო, მერე _ ოთხიო, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ კეთდება. თან გზაც საშინელ მდგომარეობაშია _ მალე, ალბათ, ავტომანქანები საერთოდ ვერ შეძლებენ გავლას. წლებია, გვპირდებიან გზის შეკეთებას, მაგრამ ტყუილად. აქედან კი ხრეში გააქვთ, სადაც უნდათ", _ ამბობს აქაური მოსახლეობა, რომელთა ნაწილის თქმით, მათი ქუჩის იგნორირება იმიტომ მოხდა, რომ ეს ქუჩა მჭიდროდ დასახლებული არაა და რეალურად, საარჩევნო ხმებიც ნაკლებია.
თუ რატომ გაუცრუვდა აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას მოლოდინი, ამის გარკვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ვცადეთ, სადაც ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელ ვასილ აბუსერიძისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გვითხრეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე განათება არჩევნების შემდეგ დამონტაჟდება სოფლის პროგრამიდან მიღებული 3 500 ლარის ეკონომიის ხარჯზე.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, პროექტში, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გაკეთდა და სოფელ ქვიანის გარკვეულ უბნებში გარე განათების მოწყობას ითვალისწინებდა, არ იყო ჩასმული ეს ქუჩა:
"მე სოფლის კრებებს არ დავსწრებივარ და ვერ ვიტყვი, ითხოვდა თუ არა ამ ქუჩის მოსახლეობა განათების დამონტაჟებას. თუმცა, სოფლის პროგრამის პროექტები მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით შედგა. პროექტში არ იყო გათვალისწინებული აქ განათების დამონტაჟება და ამიტომაც არ გახორციელდა სამუშაოები. ალბათ, მოსახლეობას ადგილობრივი რწმუნებული თუ ეუბნებოდა, რომ ოთხი-ხუთი ლამპიონი დამონტაჟდებოდა", _ ამბობს ჩხაიძე და აქვე იმასაც გვიდასტურებს, რომ ეკონომია მართლაც არის და მისი განკარგვა მოსახლეობის სურვილისამებრ მოხდება.
თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების პროექტში კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული, თუ რომელ ქუჩაზე რამდენი ლამპიონი გაკეთდებოდა. უბრალოდ, აღებული იყო ლამპიონების საერთო რაოდენობა, რომელიც ყოველ მეორე-მესამე განათების ბოძზე უნდა დამონტაჟებულიყო, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე ყველა ბოძზე დამონტაჟდა განათება. სათვალავიც ამის შემდეგ აირია და საბოლოოდ, ყველაზე "გასანათებელი" რუსთაველის ქუჩა ეკონომიის თანხების იმედად დარჩა.
არჩევნების დამთავრებიდან მეორე დღესვე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ დავალება მისცა, რომ სასწრაფოდ ჩაატარონ სოფლის კრებები, რათა დროულად მოხდეს სოფლის პროგრამის ფარგლებში ეკონომიის ხარჯზე მიღებული თანხის გამოყენება.