არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსის, ანდრია გვიდიანის შეფასებით, დენის ტარიფის ზრდის თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს – ტარიფი არ გაიზრდება.
"ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო კორექტირების საკითხი, რომელიც ენერგოკომპანიების მხრიდან სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას მოჰყვა. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ისმის ლეგიტიმური კითხვები, რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმოდ სენსიტიურია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია, რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს უდგენს ვალდებულებას, რომ ტარიფის გაანგარიშებისთვის ყოველწლიურად წარმოადგინონ სატარიფო განაცხადი, რომელიც მოქმედებს 1 წლის ვადით. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან სატარიფო განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს ტარიფის გაზრდის მოთხოვნას.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, საკითხს მედიისა და ექსპერტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, თემასთან დაკავშირებით საკმაოდ გაუაზრებელი და არაკომპეტენტური განცხადებები კეთდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ქმნის პანიკურ ფონს და, შესაბამისად, ზრდის დაძაბულობას.
ამ მცირე განმარტებითი და შემეცნებითი ხასიათის წერილით შევეცდები, წარმოგიდგინოთ დენის ტარიფის აგებულება და ის ფაქტორები, რის გამოც ამ ეტაპზე არ დგას ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის საკითხი.
პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია, – ელექტროენერგიის გენერაცია, გატარება–დისპეჩერიზაცია და განაწილება–დისტრიბუცია. თავის მხრივ, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების შემთხვევაში, ტარიფი კიდევ რამდენიმე კომპონენტად იყოფა და სულ 5 ნაწილისგან შედგება. ესენია, – ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა და საპროგნოზო ინვესტიციები. (ამ შემთხვევაში განვიხილავთ მხოლოდ შესყიდვის კომპონენტს)", _ აცხადებს გვიდიანი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გაჟღერებული მოსაზრებები ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ თითქოს, ლარის გაუფასურების ფონზე გამანაწილებელ კომპანიებს გაეზარდათ ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტი, რაც აუცილებლად გახდება ტარიფის კორექტირების საფუძველი.
"რა თქმა უნდა, ლარის დევალვაცია საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ტარიფზე (2015-ში სწორედ ეს გახდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საფუძველი). თუმცა, დღეს ლარის კურსის ცვალებადობის გამო ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას. მართალია ბოლო პერიოდში ლარმა დოლართან მიმართებაში 2,45 ნიშნულს გადააჭარბა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე არსებულ კურსს, შეიძლება ითქვას, რომ 1 წლიან ჭრილში ლარის კურსი საშუალოდ 2,30-2,35 ფარგლებში მერყეოებს. შესაბამისად, დროის ამ დიაპაზონში, ლარის დევალვაცია არ არის ისეთი მასშტაბური, რომ დღის წესრიგში დადგეს ტარიფების გადახედვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ტარიფის კორექტირების განხილვების დროს სემეკმა კურსის საპროგნოზო მაჩვენებლად 2,30 ნიშნული აიღო.
გარდა ლარის კურსისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ტარიფები არ გადაიხედება. მაგალითად, 2016 წელს (იანვარი–სექტემბერი) საქართველოში ჰიდლროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ბევრად აღემატება. კერძოდ, 2015 წელს იანვარ–სექტემბერში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 5,749 მლნ/კვტ საათი იყო, ხოლო 2016 წლის ანალოგიური პერიოდის გამომუშავებამ 7,352 მლნ/კვტ საათი შეადგინა, რაც 27%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. ცხადია, ეს დადებითი ფაქტორია ტარიფის არსებული ნიშნულის შესანარჩუნებლად.
გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. განმარტებისთვის, საბალანსო ელექტროენერგია არის ესკო–ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ შესყიდული ელექტროენერგია, სადაც უმეტესი წილი იმპორტისგან შედგება. შესაბამისად, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რეალურად შეიძლება აღქმული იქნას როგორც იმპორტის ფასი. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არის ცვლილებები და საბედნიეროდ, იმპორტის ფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2015 წელს ესკოს–ს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი იყო 13,67 თეთრი (ანუ ძვირი იმპორტი) 2016 წელს აღნიშნული ფასი გახლავთ 10,11 თეთრი. აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ ენერგოკომპანიებისთვის საბალანსო ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ფასი, ტარიფში ჩადებული იყო 6,532 აშშ ცენტად. ანუ, ამ მაჩვენებელს თუ გავამრავლებთ ამ პერიოდის კურსის საშუალო შეწონილზე (2,34) გამოდის, რომ კომპანიებს საბალანსო ელექტროენერგია უნდა ეყიდათ დაახლოებით 15 თეთრად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შეადგენს 10 თეთრს. ასე რომ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს საქართველოსთვის ელექტროენრგიის იმპორტი გაიაფდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ტარიფების გადახედვის (გაზრდის მიმართულებით) საფუძველი არ არსებობს", _ აცხადებს ანალიტიკოსი.