ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ღორების სიკვდილიანობის შესახებ უკვე ვწერდით. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ღორების სიკვდილიანობის რიცხვი სოფელში კიდევ უფრო გაიზარდა და დღეისთვის ხუთიოდე ოჯახს თუ შემორჩა ცოცხალი პირუტყვი. ისიც დახურულ გარემოში _ ღორები შინაურ საკარანტინო გარემოში მოაქციეს და არა თუ ეზოს გადაღმა, ეზოშიც არ უშვებენ.
როგორც ამბობენ, 2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოში აფრიკული ცხელებით ათასობით პირუტყვი დაიხოცა, ღორის ასეთი სიკვდილიანობა არ ყოფილა. ხშირად მოსახლეობა ვერ ხვდება, გავრცელებული დაავადება აფრიკული ცხელებაა თუ სხვა ინფექციური დაავადება. დაავადების რა სახესთან გვაქვს საქმე, ჯერ არავინ იცის. თუ ღორი აცრილია კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარსა და პასტერელოზზე, მაშინ, შესაძლოა ვარაუდის გამოთქმა, რომ ეს აფრიკული ცხელებაა.
იმ დროიდან, როცა საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ღორი იყო და ეს, ძირითადად, 2008 წელს ეხება, საქართველოში დღეისთვის 50 ათასამდე სულია დარჩენილი, _ ასეთია სტატისტიკა.
სოფელში მცხოვრები ადამიანები წუხან იმის გამო, რომ, როცა ეგონათ, საფრთხემ უკან დაიწია და ასე თუ ისე, ისევ მომრავლდა ღორი, ინფექციამ ისევ იფეთქა და ერთი კონკრეტული სოფლის მაგალითზე თუ იმსჯელებთ, უკვე საფრთხე ყოვლისმომცველია.
"გურია ნიუსი" კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს ნინო შეწირულს. მან გვითხრა, რომ მოსახლეობის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს სამმართველოსთვის და გვთხოვა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ თეა შველიძისთვის მიგვემართა.
"გურია ნიუსთან" თეა შველიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: "აფრიკული ჭირი 2008 წლის შემდეგ საქართველოში არ დაფიქსირებულა. მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის და კომპეტენტური პასუხი რომ გაგცეთ, უნდა ვესაუბრო ქვეყნის მთავარ ვეტერინარს. აფრიკულ ჭირს ხშირად ეძახიან კლასიკურ ჭირს. უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რასთან გვაქვს საქმე", _ გვითხრა თეა შველიძემ.