ივანე ჩხარტიშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისების კამპანიას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. „ბიზნესმენ" ივანე ჩხარტიშვილს თიბისი ბანკთან აკავშირებს მრავალმილიონიანი სასესხო დავალიანება, რომლის მომსახურებაც არ ხდებოდა წლების განმავლობაში ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.
შესაბამისად 2010 წელს, კანონის სრული დაცვით, მოხდა დაგირავებული ქონების, ფოთის წისქვილქარხნის გასხვისება.
მოგვიანებით, 2015 წელს, ივანე ჩხარტიშვილმა წააგო დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ლონდონის სამეფო სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ პატარკაციშვილის ქონება, მათ შორის ფოთის წისქვილქარხანა, ჩხარტიშვილს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. ამონარიდი გადაწყვეტილებიდან, „ივანე ჩხარტიშვილმა გარდაცვლილი მეგობრის (ბადრი პატარკაციშვილის) ქონება არამართლზომიერად მიითვისა," ნათლად ავლენს ე.წ. „ბიზნესმენის" არაკეთილსინდისიერებას.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანე ჩხარტიშვილის წარსული. ის არაერთხელ იქნა მხილებული არაეთიკურ ბიზნესსაქმიანობაში და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტს ედავება ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით.
ახლაც, ივანე ჩხარტიშვილი 90-იანი წლების მეთოდებით, ბიზნესეთიკისა და საკუთრების უფლების დარღვევით, ცდილობს, მიითვისოს სხვისი კუთვნილი ქონება და ამ ბიზნესავანტიურას ახორციელებს სამართლიანობის აღდგენის ეგიდით.
თიბისი ბანკი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო სტანდარტებით მართულ ფინანსურ ინსტიტუტს და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში, არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა, შავ-ბნელი მეთოდებით ბიზნესის კეთების პრაქტიკას საქართველოში და არ აპირებს შერჩევითად მიუდგეს მსესხებლებს, მათი პოლიტიკური გავლენების მიუხედავად.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „ბიზნესმენს", სრულად უნდა იაზრებდეს სასესხო ვალდებულების მომსახურების პრინციპს, შესაბამისად უფლებას ვიტოვებთ, ეს პიროვნება ვცნოთ პროვოკატორად.
იმედი გვაქვს, სასამართლო ხელისუფლება დადგება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს კანონზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩხარტიშვილის ქმედებები ძირს უთხრის არა მხოლოდ ბიზნესის ეთიკურად კეთების პრინციპს, არამედ სამართლიანი სასამართლოს რეპუტაციას და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს _ საკუთრების ხელშეუხებლობას.
ამასთან, ივანე ჩხარტიშვილის მისამართით, განვმარტავთ, რომ არ ვაპირებთ ამ პოლემიკის განვრცობას. გვაქვს რა პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ვალდებულებად ჩავთვალეთ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.
თიბისი ბანკი მუდამ იდგება ქვეყანაში სამართლიანობის, ბიზნესეთიკის და საკუთრების უფლების სადარაჯოზე და შესაბამისად ამ ბიზნესავანტიურას წერტილს დაუსვამს მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში. (R)