სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ ისეთ სახეობებში, როგორიცაა კრივი და შერეული ორთაბრძოლები, ექვსი წლის შემდეგ ეწყებათ ტვინის მოქმედების დარღვევა, ხოლო ის, ვინც 12 წელიწადზე მეტხანს მისდევს ამ საქმეს, ყოველი ბრძოლით საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლას ვეგასის კლინიკური ცენტრის მეცნიერები.
"აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის მოქმედება ირღვევა სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე, _ ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი ჩარლზ ბერნიკი. – ასეთი სურათი შეინიშნება ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაადავებულ პაციენტთა შორის.
ბოლო წლებში ლას ვეგასის კლინიკურ ცენტრში ბერნიკმა მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული გამოკვლევა ჩაუტარა დაახლოებით 170 სპორტსმენს. ამ გამოკვლევებისთვის 12 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მეცნიერმა გაარკვია, რომ ტვინის უჯრედები მოკრივეებში კვდომას იწყებენ ექვსწლიანი ასპარეზობების შემდეგ.
ბერნიკს იმედი აქვს, რომ მისი მონაცემთა ბაზის მიხედვით ნევროლოგები შეძლებენ მაქსიმალურად ადრე განსაზღვრონ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის დაწყება – თავის ტვინის არაანთებითი დაავადება, რომელიც წარმოიქმნება თავის არეში მიღებული დარტყმით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მიკროშერყევებისა და თავის ტვინის სხვა დაზიანებების შედეგად.
დაავადების სიმპტომები აისახება მეხსიერების დაკარგვაში, აგრესიასა და გონებრივი ქმედითუნარიანობის დაქვეითებაში.
მოჩხუბრები, როგორც წესი, აქტიური სპორტული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადიან მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას. საგულისხმოა, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი და მკაფიო აზრი, სამედიცინო მაჩვენებლებით როდის უნდა შეწყვიტოს სპორტსმენმა კარიერა.
"გვმართებს მუდმივად თვალყური ვადევნოთ სპორტსმენთა ჯანმრთელობას, დაწყებული მათი კარიერის ადრეული ეტაპებიდან, – ამბობს ჩარლზ ბერნიკი. – თუ ვინმეს რამე აქვს დაზიანებული, უნდა შეიზღუდოს ორთაბრძოლათა რაოდენობა. ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შევიმუშაოთ მოქმედების ერთიანი მეთოდიკა".