მარიხუანა ანუ კანაფი, მცენარე, რომელიც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალებაა, უძველესი დროიდანაა გავრცელებული და მისი ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებში, ისევე როგორც საქართველოში, აზრის ორად გაყოფას იწვევს.
საუბრები მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იყო საზოგადოებისა და მთავრობის განსჯის საგანი, თუმცა, შეთანხმება მიღწეული ჯერჯერობით არ არის. ნარკოპოლიტიკის გადახედვას საქართველოს მთავრობა არ აპირებს, საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა კი, სწორედ ეს არის.
უახლოეს წარსულში ნარკომომხმარებლების დაკავება, შემდეგ საპროცესო შეთანხმებების გაფორმება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო იყო. თუმცა, შენახვა-მოხმარებისთვის გასამართლებული პირების ნაწილი ციხეში რჩებოდა და პრობლემა დღესაც გადაუჭრელია.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა თუ ლეგალიზაციის მოთხოვნით 2013 წლიდან დღემდე არაერთი აქცია ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეშია მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდებოდა;
თუმცა, ცოტა ხნის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განჩინება, რომლის მიხედვითაც, პირებს მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა აღარ ემუქრებათ, რაც ქვეყანაში მარიხუანის მომხმარებლებისთვის წინ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.
საკითხზე საზოგადოების ნაწილთან ერთად აქტიურად საუბრობენ პოლიტიკურ წრეებშიც. გუშინ, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ.
ემთხვევა თუ არა „გირჩის“ მოსაზრება საზოგადოების მოთხოვნას, ამის გასარკვევად, „გურია ნიუსმა“ თბილისში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოკითხა.
როგორია საზოგადოების რეაქცია მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქვეყანაში დაშვებული, კანაფის როგორც მედიკამენტის მოხმარება თუ მისი მოყვანა და შემდეგ რეალიზაცია-მოხმარება, _ ამ საკითხებზე საზოგადოების აზრი იყოფა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ნიკა ბეჟიტაშვილი ამბობს, მისთვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს.
„მარიხუანას მომხმარებელი არ ვარ და ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მასთან დაკავშირებულ ამბებს,“_ამბობს ბეჟიტაშვილი.
მარინა წერეთლის თქმით კი, თუ მარიხუანას მოყვანა და რეალიზება უნდა დაისაჯოს.
„ჩემი აზრით, თუ მარიხუანას მოყვანა და შემდეგ მისი რეალიზება დაუსჯელი იქნება ახალგაზრდა თაობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, ჯანმრთელი მომავალი თაობა ისედაც არ გვყავს, “_თქვა წერეთელმა.
თემურ ხუციშვილი კი მიიჩნევს, რომ მარიხუანა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით უნდა მოიხმარონ.
„მარიხუანას მოხმარებას სიკეთე არ მოაქვს, ამიტომ მისი გამოყენება მარტო სამედიცინო თვალსაზრისით უნდა ხდებოდეს, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში კანონით აკრძალული იყოს,“_ამბობს ხუციშვილი.
მსგავსი მოსაზრება აქვს ნინო ჯაფარიძესაც, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა თაობას მსგავსი მოსაწევი საშუალებების ეფექტი ღუპავს, რადგან გაუთვითცნობიერებლები არიან.
„მარიხუანას მოხმარება დაშვებული უნდა იყოს სამედიცინო საჭიროების დროს, მაგრამ თუ ზომებს არ მიიღებენ მისი არაკანონიერი გზით რეალიზების საწინააღმდეგოდ ახალგაზრდა თაობა დაიღუპება, რადგან მათ არ ესმით რას იწვევს მსგავსი მოსაწევი საშუალებები,“_ ამბობს ჯაფარიძე.
ირინა სინაურიძეს თქმით კი, ქვეყანაში მარიხუანას რეალიზაცია უნდა ისჯებოდეს.
„მარიხუანას მოყვანა და მოხმარება დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ რეალიზება არა,“_თქვა სინაურიძემ.
თორნიკე ჯაჯანიძე ამბობს, რომ მარიხუანა და მსგავსი მოსაწევები ახალგაზრდა თაობას აცდუნებს.
„მარიხუანის მოხმარება ასევე მისი საჯაროდ მოყვანა დაუშვებელია, რადგან ამით ახალგაზრდა თაობა ცდუნდება,“_ თქვა ჯაჯანიძემ.
განსხავებული მოსაზრება აქვს ერეკლე ბანძელაძეს, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი თავისუფალი უნდა იყოს.
„თუ დემოკრატია და თავისუფლება გვინდა მაშინ ყველაფერი ნებადართული უნდა იყოს, ვისაც მოსწონს მარიხუანით ან სხვა მსგავსი საშუალებით მოდუნება მოდუნდეს, ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ,“_ ამბობს ბანძელაძე.
ამავე თემაზე:
ვინ და რატომ აპირებს მარიხუანას საჯაროდ დათესვას
მარიხუანას გამეორებითი მოხმარებისთვის პირებს თავისუფლების აღკვეთა აღარ დაემუქრებათ
მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეებს ვეღარ დააპატიმრებენ
მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პრემიერი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
"სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება"
გივი ბერიკაშვილი: "რა მარიხუანა, როცა ამისთანა ღვინო გვაქვს?!"
ჟურნალისტები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ
მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და სხვები მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვენ