საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე გახსნა.
ღონისძიებას, კვირიკაშვილის გარდა, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი, დეპუტატები _ თემურ ჭკუასელი და ნინო წილოსანი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიალს არ დასწრებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჯავახიშვილი, რომლის მინისტრობის დროსაც ხელოვნების სასახლის ასაშენებლად ორმილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. როგორც უწყებაში გვითხრეს, არც ჯავახიშვილი და არც მოადგილეები ღონისძიებაზე არავის მიუწვევია.
კვირიკაშვილის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ღონისძიება ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაგეგმა და შესაბამისად, სტუმრების სიაც მათი გაკეთებულია, რასაც კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირკალი კუჭავა:
_ ჩვენ კულტურის სამინისტროდან ჩამოგვივიდა სია, სადაც სტუმრების ვინაობა ეწერა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეს ღონისძიება არ გაუკეთებია და, შესაბამისად, არც სტუმრები მოგვიწვევია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
ჩვენ შევეცადეთ უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილისგან გაგვეგო, თუ რატომ არ დაპატიჟეს ღონისძიებაზე ნოდარ ჯავახიშვილი, თუმცა, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ნოდარ ჯავახიშვილი აღარ იქნება. ჩვენი წყაროს თქმით, მას ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომლის მიმართაც ბევრი შეკითხვა არსებობს, თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტება არც ამ საკითხზე ისურვა და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრების ვინაობა ორ დღეში, საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე: "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი "ოცნების" მინისტრობის კანდიდატია _ ვინ არის ზურაბ ალავიძე