ჯანდაცვაზე გაწეული საერთო ხარჯი ყველაზე დიდი გურიასა და მცხეთა–მთიანეთშია, რადგან მაღალია მედიკამენტების, ქირურგიული ოპერაციებისა და რეგულარული შემოწმების საფასური. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები განსაკუთრებით დიდია კახეთშიც, _ ამის შესახებ "იუნისეფის" ახალ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2015 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის წინა წელს შინამეურნეობის მიერ წე- ლიწადში ჯანდაცავზე გაწეული საშუალო ხარჯი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე 347 ლარს (მედიანური 177 ლარი) შეადგენდა.
კვლევის ავტორთა თქმით, ჯანდაცვის საშუალო ხარჯებმა 2013 წლის 243 ლართან შედარებით 31%-ით მოიმატა.
"ჯანდაცვის ხარჯები მოიცავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას (მათ შორის, ტრანსპორტირების საფასურს), ექიმებთან ვიზიტებს, სამედიცინო პროცედურებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, ორსულობის მონიტორინგს, ქალთა კონსულტაციას, რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას, იმუნიზაციის ხარჯებს, მზრუნველობისა და მოვლის ხარჯებს, მედიკამენტების შესყიდვას, სამედიცინო დაზღვევის გადასახადებს და სხვა არაფორმალურ ხარჯებს. ჯანდაცვის არანაირი ხარჯი გამოკითხული შინამეურნეობების მხოლოდ 3.3 %-ს არ ჰქონია. 2013 წელს შინამეურნეობათა 5.8%-ს სამედიცინო ხარჯები არ ჰქონია", _ აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, შინამეურნეობების 26.4%-ისთვის უმთავრესი პრობლემა მე- დიკამენტების შესყიდვაა, 5.7%-ისთვის კი – სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა. "მართალია, 2013 წლის შემდეგ ორჯერ შემცირდა იმ შინამეურნეობების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის უმთავრეს სირთულეს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა წარმოადგენს, მაგრამ, სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რიცხვი, რომლებსაც ძალიან უჭირთ მედიკამენტების ყიდვა.
საერთო ჯამში, მედიკამენტების შესყიდვა კვლავაც რჩება ჯანდაცვის ხარჯების უმთავრეს კომპონენტად, როგორც მთლიანობაში, ასევე, ჯანდაცვის ხარჯების პროცენტულ მაჩვენებელში. ხარჯების საშუალო მაჩვენებელი ნიღბავს ჯანდაცვის რეალურ ხარჯებს შორის არსებულ დიდ სხვაობას, რადგან ყველა შინამეურნეობას ერთნაირი მომსახურება არ ესაჭიროება. მაგალითად, ბოლო წლის განმავლობაში შინამეურნეობების 96.3%-მა (2013 წელს – 92.2%-მა) მედიკამენტების შესყიდვაზე საშუალოდ 242.3 ლარი (2013 წელს – 178.6 ლარი) დახარჯა. დაახლოებით, 7%-მა კი, ქირურგიულ ოპერაციებში, საშუალოდ, 350.8 ლარი გადაიხადა. მაგრამ ამ პუნქტში დანარჩენ 93%-ს არანაირი ხარჯი არ გაუწევია და, შესაბამისად, ყველა შინამეურნეობის საშუალო დანახარჯი ბევრად უფრო დაბალია (23.8 ლარი).
2015 წელს ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაწეული ჯანდაცვის საშუალო წლიური ხარჯი ქალაქებში 342.7 ლარამდე გაიზარდა – 2009 წელს ეს მაჩვენებელი 285 ლარს, 2011 წელს – 296 ლარს, 2013 წელს კი, 272 ლარს შეადგენდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ეს 2013 წლის მონაცემზე 15.7%-ით მეტია. ასეთი ზრდის უმთავრეს მიზეზს მედიკამენტების მაღალი საფასური წარმოადგენს. სოფლად ამ მაჩვენებელმა 212 ლარიდან 351 ლარამდე აიწია, რაც, ინფლაციის გათვალისწინებით, 52%-იან ზრდას წარმოადგენს 2013 წელთან შედარებით. 2015 წელს ქალაქებსა და სოფლებში ჯანდაცვაზე მთლიანად დახარჯულ თანხებს შორის სხვაობა საგულისხმო არ ყოფილა. მნიშვნელოვანია კონკრეტულ მომსახურებათა ხარჯებს შორის სხვაობაც. კერძო დაზღვევაზე გაწეული მთლიანი ხარჯები ბევრად უფრო მაღალია ქალაქებში. ჯანდაცვის სერვისების ფაქტობრივ მომხმარებელთა საშუალო ხარჯების თვალსაზრისით, სოფლებსა და ქალაქებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არსებობს.
2015 წლისგან განსხვავებით, 2013 წელს ჯანდაცვის მომსახურების უმეტესი სახეობების საფასური თბილისში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა რეგიონებში. საერთო ხარჯი ყველაზე დიდი გურიასა და მცხეთა–მთიანეთშია, რადგან მაღალია მედიკამენტების, ქირურგიული ოპერაციებისა და რეგულარული შემოწმების საფასური. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები განსაკუთრებით დიდია კახეთშიც.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ფაქტორი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს დანახარჯებზე, ზოგჯერ ცალკეული მომსახურების ცალკე განხილვისას, რეალურ მომხმარებელთა რაოდენობა ისეთი უმნიშვნელოა, რომ თითოეული ტიპის ჯანდაცვის სერვისზე გაწეული საშუალო ხარჯის ზუსტად დადგენა ვერ ხერხდება", _ აცხადებენ კვლევის ავტორები.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის თანახმად, 2013 წლიდან შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი (ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე), ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, 31%-ით გაიზარდა.
"სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული ხარჯი ზოგიერთი შინამეურნეობისათვის შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.შინამეურნეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი იმ შემთხვევაში ითვლება კატასტროფულად, თუ ის შინამეურნეობის მთლიანი მოხმარების 10%-ს, ან ოჯახის არასაკვები პროდუქტის მოხმარების 25%-ს შეადგენს. 2015 წელს ჯანდაცვის ხარჯები მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტს წარმოადგენდა შინამეურნეობების 29.8%-ში, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე მეტია (23%) და თითქმის უტოლდება 2011 წლის (31%) მაჩვენებელს. გარდა ამისა, შინამეურნეობათა 25.1%-ისთვის ჯანდაცვის ხარჯები შეადგენს არასაკვები პროდუქტის მოხმარების 25%-ზე მეტს, რაც 2013 წლის მონაცემებზე უფრო მაღალია, როდესაც ხსენებული მაჩვენებელი 22% იყო", _ აღნიშნულია კვლევაში.
ამავე თემაზე:
ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს _"იუნისეფი"
"ხალხი ხარჯავს მეტს მეტი ფულის ქონის გარეშე" _სიღარიბე საქართველოში