საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ხადურის 7-სულიანი ოჯახი ბინის, მიწის ნაკვეთის და ავტომობილის მფლობელია. ამის შესახებ ხადურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 17 ნოემბერს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ხადურის საკუთრებაშია 110.00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, სადაც მასთან ერთად მისი მშობლები, მეუღლე, და ორი შვილი ცხოვრობს. ასევე, 2008 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი Nissan Tiida.
რაც შეეხება ხადურის მამის ქონებას, თამაზ ხადური ფლობს 2000.00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გორში, სოფელ ქვეშში.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ნოდარ ხადურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, მინისტრის თანამდებობისთვის გასულ წელს 75000.00 ლარის შემოსავალი მიიღო; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი, სადაც ის პროფესორია 30 411.45 ლარი აქვს მიღებული.
ნოდარ ხადურის მეუღლეს, ნინო ცირეკიძეს კი, ლიბერთი ბანკიდან, სადაც მას სპეციალისტის თანამდებობა უჭირავს 16739.79 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ხადურის საერთო შემოსავალი 102 934 ლარი იყო, აქედან ფინანსთა მინისტრობისთვის მან 75 000 ლარი აიღო, დანარჩენი კი ლექტორობისთვის აქვს მიღებული.
2013 წელს – 113 905 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. აქედან, 90 165 ლარი ფინანსთა სამინისტროდან. 23740.64 ლარი კი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
2013 წელს – ხადურის შემოსავალი ჯამში 73 816 ლარი იყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობიდან – 26 591.57 ლარი აქვს მიღებული; საქართველოს ფინანსთა მინისტრობისთვის – 25 584.55 ლარი; საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის – 390.68 ლარი; ხოლო საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობისთვის კი – 21250.00 ლარი;
გასული წლების დეკლარაციაში არნიშნული არ არის ნოდარ ხადურის მეუღლის, ნინო ცირეკიძის შემოსავლების შესახებ.
რაც შეეხება 2016 წელს შევსებულ დეკლარაციას, მისი შევსების მომენტში ნოდარ ხადურის სახელფასო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში 5000.00 ლარი ირიცხებოდა; რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 1620.00 ლარი; საქართველოს ბანკი მიმდინარე ანგარიშზე – 1990.00 ლარი; ხოლო თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე 27652.97 დოლარი. გარდა ამისა, ნოდარ ხადურს ნაღდი ფულის სახით 10000.00 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ნინო ცირეკიძეს, მას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1200 ლარი ჰქონდა. ხოლო ხადურის მშობლებს ლიბერთი ბანკის საპენსიო ანგარიშზე 180-180 ლარი ერიცხებოდათ.