მეოცე საუკუნის დასაწყისში გურიის რესპუბლიკის ზეობისას დიდი ყურადღება ეთმობოდა სწავლა-განათლებას; გურულების აზრით, სწავლა უნდა ყოფილიყო სავალდებულო, საყოველთაო და "უფრო ქართულ ენაზე… თუ კაცს თავისი სამშობლო ენა არ უყვარს და არა აქვს, სხვებსაც ვერ შეიყვარებსო.”
ერთი გურულმა კრიმ-გირეის უთხრა: ,,ჩვენ სწავლა გვინდა, უსწავლელი კაცი რაფერ იცოცხლებს ახლანდელ დროში?”
კრიმ-გირეის შეკითხვაზე, იქნებ რუსულის სწავლა აღარ გინდათო, იმავე გლეხმა უპასუხა: ,,ჩვენ ყველა ენის სწავლა გვინდა. ქართულიც გვინდა და რუსულიც. სხვა ენაც რომ ვიცოდეთ, უკეთესია.”
ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ ყველა ერს სკოლაში საკუთარ ენაზე სწავლების საშუალება უნდა მისცემოდა, რუსული კი სავალდებულო საგნად უნდა შემოღებულიყო.
ასევე მოითხოვდნენ სკოლებიდან სამღვდელოების ჩამოშორებას: ,,ჩვენ არ გვინდა, რომ სწავლის საქმეში მღვდლები ერეოდნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს მონობას უქადაგებდნენ და მათ ფხიზელ აზრს უბნელებდნენ. ჩვენ რა ხეირი დაგვაყარა მათმა მოთმინების ქადაგებამ? ვითმინეთ, ვითმინეთ, ვითმინეთ და ყველანი ზურგზე შეგვაჯდნენ. მეტი მოთმენა ჩვენ აღარ შეგვიძლია და არც მათი ქადაგებისა გვჯერა რამე… თავისუფალი მოქალაქის ნაცვლად მონებად გვზრდიან,” – ამბობდნენ გლეხები.
როცა სახაზინო სკოლა მოიშორეს, გურულებმა შექმნეს სასკოლო კომიტეტები, რომელთაც ეკისრებოდათ ძველ შენობების შეკეთება, მათი ექსპლუატაციის და პედაგოგები ხელფასების ხარჯთაღრიცხვა. პედაგოგ-მასწავლებლებს იწვევდნენ ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის რეკომენდაციით. სწავლების პროგრამა შემუშავებული იყო თბილისის პედაგოგიური ყრილობის მიერ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრებიც.
ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი წერდა: ,,2-3 წლის განმავლობაში რევოლუციამ სასწაული მოახდინა: ამან აღამაღლა ხალხის საერთო დონე გონებრივ და ზნეობრივ განვითარებისა ისეთ სიმაღლემდე, რომელიც მიუწვდომელი მიაჩნდათ 10 წლის მშვიდობიან, მისთვის საუკეთესო პირობებში მუშაობითაც კი.”
ეს ახალი ტიპის სკოლა მოქმედებდა ალიხანოვ-ავარსკის შემოსევამდე, შემდეგ ის გაუქმებულ იქნა და სკოლაში სწავლა-განათლება ისევ ძველებურ ყაიდას დაუბრუნდა.
ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა"