წინასწარი ვარაუდებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დეფიციტური იქნება. გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, ნოემბრის მიწურულისთვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 78%-ია.
გახორციელდება თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი, ჯერჯერობით, ამაზე გადაჭრით არ საუბრობს ლაშხია, თუმცა, არაფერს გამორიცხავს.
"წლევანდელი ბიუჯეტი, დაახლოებით, 550 ათასა ლარამდე მინუსითაა. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებელია მისი შემცირება, თუმცა, რა მოვლენები განვითარდება წლის ბოლომდე, ეს გათვლას არ ექვემდებარება. შესაძლოა, სეკვესტრიც გახორციელდეს.
ბუნებრივი რესურსების გადასახადიდან, მიმდინარე წელს, დაგეგმილი იყო 550 ათასი ლარის ფარგლებში თანხის მობილიზება, თუმცა, აქედან 100 ათასის ფარგლებში მიღწევა გახდა შესაძლებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ 450 ათასი ლარით, მხოლოდ ამ ნაწილში იქნება ბიუჯეტი შეუსრულებადი. რაც შეეხება ჯარიმებსა და საურავებს, ამ კუთხით გარღვევა 150 ათასი ლარის ფარგლებშია, თუმცა, საბოლოოდ, ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი 100 ათას ლარამდე შემცირდება, _ ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.